EBRD წელს საქართველოს მშპ-ს 8%-იან ზრდას პროგნოზირებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 8%-მდე, ხოლო წლიურ ინფლაციას 11,6%-მდე პროგნოზირებს. ამის შესახებ EBRD-ის ანგარიშში არის ნათქვამი.

2023 წლისთვის EBRD საქართველოს მშპ-ის ზრდას 5%-ით პროგნოზირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ვითარებასა და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებზე.

EBRD-ის წლევანდელი პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინზე უფრო ზომიერია, რადგან ოქტომბრის ანგარიშში ფონდი საქართველოს მშპ-ის ზრდას 10%-ით, ხოლო ინფლაციას 10,5%-მდე პროგნოზირებდა.

EBRD შენიშნავს, რომ „2021 წელს მიღწეული ეკონომიკური აღდგენა კიდევ უფრო დაჩქარდა 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე, როცა მშპ წლიური თვალსაზრისით 10.3%-ით გაიზარდა.“ ბანკის შეფასებით, „ზრდა ფართომასშტაბიანი იყო, თუმცა უფრო დინამიური მაჩვენბლები დაფიქსირდა ტურიზმში, ენერგომომარაგებაში, ტრანსპორტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში.“

ამასთან, უკრაინაში შექმნილი სიტუაციისა და მასთან დაკავშირებული ზემოქმედების გამო საწვავის და ენერგორესურსების გაძვირების შედეგად ინფლაციური ზეწოლა გაიზარდა. მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, ინფლაციამ 10,9% შეადგინა.

EBRD აღნიშნავს, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დადებულმა 280 მლნ დოლარის სარეზერვო შეთანხმებამ ხელი შეუწყო გაურკვევლობის შემცირებას და ქვეყანაში უფრო პროგნოზირებადი ბიზნესგარემო შექმნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ