„უკვე დავამთავრეთ ორი ხელოვნური ტბის რეზერვუარი მშენებლობა“ - როგორ ემზადება ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს საქართველოში ჩატარდება. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ამბობს, რომ როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საოპერაციო კუთხით აქტიური სამუშაოები ხორციელდება.

მისი თქმით,სრულ მზადყოფნაშია გათოვლიანების ახალი სისტემაც.

"2023 წლის ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები როგორც საოპერაციო, ისევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. მინდა, ხაზი გავუსვა ინფრასტრუქტურულ მხარეს. ჩვენ, უკვე დავამთავრეთ ორი ხელოვნური ტბის რეზერვუარი მშენებლობა, რომელიც გათოვლიანების სისტემისთვისაა საჭირო. ეს არის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტი, რის გარეშეც, შეუძლებელი იქნებოდა ამ მასშტაბის ტურნირის მასპინძლობა. ასევე თითქმის დასრულებულია გათოვლიანების 29 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. მზად არის ექვსი საშეჯიბრო ტრასა და სხვა ტრასები ვიზიტორებისთვის. აქამდე გარკვეული პრობლემები იყო წყლის ნაწილში, როდესაც ჩვენ, გათოვლიანების სისტემას ვამუშავებდით შესაძლებელი იყო ამ დაბაში წყლის დებეტის პრობლემა შექმნილიყო. ეს პრობლემა სრულად გადაიჭრა ტბებით გათოვლიანების ხაზით. აბსოლუტურად განსხვავებული მასშტაბი გვაქვს, მაშინ როცა აქამდე იყო 5 კილომეტრიანი ხაზი, ახლა უკვე ჯამურად 33-34 კილომეტრიანი ხაზი გვექნება. სწორედ ამისთვის შეიქმნა ამ კუბატურის ტბები" - განაცხადა ბურჭულაძემ ,,საქმეში".

თამარ მუკბანიანი