სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას მალაიზიის დელეგაცია გაეცნო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა დემეტრაშვილმა მალაიზიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციას ხელმძღვანელობდა კუალა ლუმპურის მერი აჰმად ფეზალ ტალიბი. შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა შურღულაია, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი დიმიტრი გულისაშვილი და სპეციალისტი ნინო კანდელაკი, ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ანა ჭანია და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი დავით ჯაიანი.

მალაიზიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმებისა და მიღწევების, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების რეფორმისა და ერთიანი ელექტრონული სისტემის გაცნობა იყო. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საერთაშორისო სამსახურის უფროსმა მანანა შურღულაიამ სტუმრებს გააცნო სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შესახებ ინფორმაცია, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების პრინციპები, საკანონმდებლო რეგულაციები და შესყიდვების სფეროში გატარებული რეფორმები.