ირაკლი ნადირაძე - ისნის ტერიტორიაზე სამრეწველო ზონის სამშენებლო პროექტით ჩანაცვლების უკან საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დგას

საკრებულოს წევრის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ისნის ტერიტორიაზე სამრეწველო ზონის სამშენებლო პროექტით ჩანაცვლების უკან საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დგას.

როგორც მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე კონკრეტული პირები მდიდრდებიან.

"ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, არსებობს სამრეწველო ტერიტორია, სადაც წესით, ფაბრიკები და ქარხნები უნდა შენდებოდეს. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ სამრეწველო ზონა გარდაიქმნება სამშენებლო ზონად. ამის უკან, არც მეტი არც ნაკლები, საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დგას. გასაოცარია, როგორ გარდაიქმნა ეს კომპანია საქველმოქმედო ფონდიდან დეველოპერულ კომპანიად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამრეწველო ტერიტორია საცხოვრებელი ზონით იცვლება. აღარ არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები. მთავარია, ყველგან ჩავდგათ კორპუსები, რომ ვიღაცებმა იშოვონ მილიონები, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა თავის მილიარდებს კიდევ დამატებითი მილიონები შემატოს. ეს არის ხელისუფლებისა და მერიის დამოკიდებულება დედაქალაქის და ხალხის მიმართ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მის ამ განცხადებას თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ უპასუხა.

სოხაძის თქმით, ისნის ტერიტორია სამრეწველო თვალსაზრისით გადაგვარებულია.

"ვინც არ უნდა იდგეს კონკრეტული განაშენიანების გეგმის მიღმა, თუ ქალაქისთვის მისაღები პროექტია, მას ვამტკიცებთ. ისნის ტერიტორია, რომელზეც თქვენ საუბრობდით, სამრეწველო თვალსაზრისით გადაგვარებულია. ქალაქის ურბანული პოლიტიკა ზედაპირულად არასდროს უნდა განიხილოთ. თქვენ სოციალურ ქსელშიც ხშირად ნახავთ, რომ ის სამრეწველო ტერიტორიები, რომლებიც დასახლებულ ადგილებშია, ბევრ პრობლემას ქმნის მოსახლეობისთვის. უბრალოდ სახელისა და გვარის ხსენება, თუ ეს თქვენი პიარის ნაწილია, გასაგებია. ისნის ტერიტორიასთან მიმართებით, ურბანული თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.