რუსეთმა ოქროს გატანაზე შესაძლოა, ლიმიტი შემოიღოს

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირების მიერ ქვეყნიდან ძვირფასი ლითონის გატანას შეზღუდავს, თუ მისი მოცულობა დასაშვებ ოდენობას აღემატება. უწყების გეგმებზე ინფორმაციას „ტასი“ სამინისიტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ არც ფიზიკური და არც იურიდიული პირებისთვის ოქროს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შეზღუდვა-გაყინვაზე საუბარი არ არის.

„ფინანსთა სამინისტრო მიისწრაფვის, განავითაროს ძვირფასი ლითონის ბაზარი, რომ ოქრო სრულფასოვანი საინვესტიციო პროდუქტი გახდეს. მომავალმა შეზღუდვებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ფიზიკური პირების მიერ ძვირფასი ლითონის ექსპორტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოცულობა დასაშვებ ოდენობას აღემატება,“ - ნათქვმაია უწყების განცხადებაში.

სამინისტროში ძვირფასი ლითონის ექსპორტისთვის დასაშვებ მოცულობას ჯერ არ აკონკრეტებენ.

ოქტომბერში „ვედომოსტი“ წერდა, რომ მოსახლეობის მხრიდან დიდი მოთხოვნის გამო ბანკებს 999-იანი სინჯის ოქროს საინვესტიციო ზოდებზე დეფიციტი შეექმნათ. ოქროს ზოდების მიმართ მოსახლეობის ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მარტში მათ შესყიდვაზე 20%-იანი დღგ, ხოლო ზაფხულში ოქროს 2022-2023 წლების გაყიდვებზე საშემოსავლო გადასახადი გაუქმდა.

Forbes-ის მაშინდელი შეფასებით, ოქროს ზოდების შეძენაზე მოთხოვნა ათჯერ გაიზარდა. ამაზე ცენტრალურმა ბანკმა რეაგირება მარტში მოახდინა და შესყიდვები შეაჩერა, რომ ბანკებს მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. იმავე თვის ბოლოს მარეგულირებელმა შესყიდვები განაახლა, ხოლო აპრილში ოქროს ყიდვის პრინციპი შეცვალა და ფიქსირებულის ნაცვლად შეთანხმებითი ფასი შემოიღო. ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვმა ოქროში ინვესტირებას „უცხოური ვალუტის ყიდვის კარგი ალტერნატივა“ უწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ