რას წარმოადგენს ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია, რომელსაც მთავრობა კიდევ ერთ შანსს აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას კიდევ ერთ შანსს აძლევს და წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს.

„შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, თუკი იგი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით იყო განსაზღვრული, მაგრამ ვნახეთ, რომ სატარიფო ნაწილში სახელმწიფოს სრული უფლება ჰქონდა, უკეთესი ტარიფი მოეთხოვა. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, რადგან ამდენი ხანი კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და საქართველოს ეკონომიკა განუხორციელებელი პროექტით დააზიანა“,- თქვა დავითაშვილმა.

1967 დაარსებული სამთავრობო სააგენტო K-Water სამხრეთ კორეაში წყლის რესურსების განვითარებაზე, წყალმომარაგებაზეა ორიენტირებული და ქვეყანაში მწვანე ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელიცაა.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, K-Water აკონტროლებს 1,337 მგვტ დადგმული სიმძლავრის განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურებს, რაც მთლიანი ქვეყნის ელექტროსადგურების 33%-ია, ყოველწლიური გამომუშავება კი 3,040 გგვტ.სთ-ს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ ჰიდროენერგიას, 41 ჰიდროელექტროსადგურის მეშვეობით კომპანია 2,453 გგვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი.

K-Water-ის აქტივების სრული მოცულობა 17.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. კაპიტალის 93.8%%-ს მთავრობა ფლობს, 6.2%-ს კი კორეის განვითარების ბანკი.

დავითაშვილის თანახმად, ნენსკრა ჰესის პროექტი შემდეგ წელს უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, შეთანხმებას ამ წლის ბოლომდე უნდა მიაღწიონ და თუ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს, ხელშეკრულება გაწყდება.

ჰესის ასაშენებლად სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის კონტრაქტი 2015 წელს გაფორმდა. „ნენსკრა ჰიდროს“ აქციების 90%-ს K-Water, 10%-ს კი საპარტნიორო ფონდი ფლობს. თავდაპირველი ინფორმაციით, ელექტროსადგურის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, ხოლო გამომუშავება 2019 წლიდან უნდა დაეწყო.

1.03 მილიარდი დოლარის ღირებულებისა და 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საქართველო ყოველწლიურად 1,200 გგვტ.სთ ელექტროენერგიით უნდა მოემარაგებინა. პროექტის განხორციელებაში 4 საერთაშორისო ბანკი (EIB, EBRD, ADB, AIIB) მონაწილეობდა, თუმცა მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პროტესტის, ფინანსური პრობლემებისა და სტანდარტების უგულებელყოფის მიზეზით მისი განხორციელება ვერ მოხერხდა.

კახი ჩაკვეტაძე