ლარის გაუფასურებამ ტანსაცმელი გააიაფა

"შეიძლება ითქვას, რომ მარტო პურის ფულზე ვმუშაობთ"

სადგურის მოედანზე განთავსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე, როგორც ველოდი, მძიმე ვითარება დამხვდა. გამყიდველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ვაჭრობა საერთოდ აღარ არის, რის გამოც იძულებული გახდნენ, საქონელზე ფასები დაეწიათ. მათი თქმით, არა თუ მყიდველი შემცირდა, ხალხი საქონლის დასათვალიერებლადაც აღარ დადის. ბაზრობაზე ახლა ყველაზე ხშირად ბანკის თანამშრომლებს თუ შეხვდებით. "მიკროსესხებმა დაგვღუპა მცირე მოვაჭრეები. ადმინისტრაციის გადასახადის გადაუხდელობის გამო მიკროსესხებს ვიღებთ და ბანკის ვალი გვედება. 20 წელია, რაც აქ ვდგავარ. 2008 წლამდე ბაზრის 80%, თვეში მინიმუმ ერთხელ, სტამბოლში დადიოდა. ეხლა ამ ბაზრიდან 5% დადის სტამბოლში, ისიც წელიწადში ორჯერ. ძირითადი წყარო ლილოა. ბოლოს ნოემბერში შემოვიტანე ლილოდან 25 შარვალი და კვირაში ერთ ან ორ ნაჭერს ვყიდი", - ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.

მომხმარებლის ნაკლებობაზე საუბრობს ბავშვების სამოსის გამყიდველი, ნინო დვალიშვილიც: "ბავშვის ტანსაცმელი თურქეთიდან შემომაქვს. ადრე ყოველთვიურად ვანახლებდი საქონელს, ახლა ბოლოს სექტემბერში შემოვიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ტანსაცმელზე წესით უფრო მეტი მოთხოვნა უნდა იყოს, ასე აღარ არის. მეორადებში უფრო იყიდება ბავშვის ტანსაცმელი", - უთხრა bpn.ge-ს ნინო დვალიშვილმა.

ერთ-ერთი მოვაჭრის თამარ ხუბაშვილის თქმით, ვაჭრობის გამო ხალხმა ბინებიც კი ჩადო ბანკში, რომელიც ვალის გადაუხდელობის გამო ბევრმა დაკარგა კიდეც. "შეიძლება ითქვას, რომ მარტო პურის ფულზე ვმუშაობთ",- ამბობს თამარ ხუბაშვილი.

მოვაჭრეთა თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ გარკვეულწილად გაითვალისწინა მომხმარებლების შემცირება და ვაჭრობის გაუარესება და შეღავათზე წავიდა. შეღავათი კი იმაში გამოიხატება, რომ ადმინისტრაცია თანხის შეტანას აცდის გამყიდველებს და საშუალებას აძლევს, ნაწილ-ნაწილ გადაიხადონ საიჯარო გადასახადი. რაც შეეხება ფასების შემცირებას, როგორც გამყიდველები აღნიშნავენ, ადმინისტრაციაში განუცხადეს, გვირჩევნია ადგილი დაკეტილი დაგვხვდეს, ვიდრე გადასახადები შევამციროთო. არსებული გადასახადების გადახდა, როგორც ჩანს, ბევრს გაუჭირდა, რადგან ბევრი ადგილი უკვე დაკეტილია.

bpn.ge დაუკავშირდა ადმინისტრაციას, თუმცა ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირები ადგილზე არ დაგხვდნენ, სხვა წარმომადგენლებმა კი ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს.

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის ადმინისტრაციის, შპს "დუბლიორის" დირექტორმა ვაჟა იაშვილმა კი აღნიშნა, რომ "დუბლიორის" დამფუძნებელს აღნიშნული ტერიტორია იჯარით აქვს აღებული და საიჯარო გადასახადს "ბავშვთა სამყაროს" უხდის. ვაჟა იაშვილის თქმით, საიჯარო გადასახადი ისედაც ძალიან მცირეა და მის შემცირებაზე არც უფიქრიათ. "კვადრატული მეტრი 160 ლარი ღირს იმის მიუხედავად, თუ რა საქონელს ყიდის გამყიდველი. მაგრამ შეღავათს ვუწევთ და თანხის შემოტანას ვაცდით. ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ გამყიდველებს ადმინისტრაციაში თანხის შემოტანა უჭირთ", - აღნიშნავს ვაჟა იაშვილი.

თამარ კორკოტაშვილი