ალიევი: TAP-ის გამტარუნარიანობა უნდა გაფართოვდეს, რადგან ის უკვე სრული დატვირთვით მუშაობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) პროექტის მონაწილეები მისი გამტარუნარიანობის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ამის შესახებ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, სახელწოდებით, „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა.“

მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე მზარდი მოთხოვნაა, მაგრამ ამისთვის საჭიროა TAP-ის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა, რასაც, ალიევის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცალმხრივად ვერ გააკეთებს, რადგან TAP-ში მისი წილი მხოლოდ 20%-ია. ამდენად, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს მონაწილე ქვეყნები მალე გადაწყვეტენ, რადგან TAP უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.

ალიევი ამბობს, რომ ამჟამად აზერბაიჯანი განიხილავს ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის თხოვნას, რომელიც ოფიციალურმა ბაქომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო, რომ ევროპაში გაზის მიწოდება გაზრდილიყო ან დაწყებულიყო. მიწოდების გეოგრაფიის გაფართოების გეგმაზე საუბრის დროს ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტერკონექტორების მშენებლობისთვის ევროპულ ინიციატივებს სრულად ემხრობა.

მაგალითად, საბერძნეთ-ბულგარეთის კონექტორი ოქტომბერში, სოფიაში გაიხსნა, ხოლო მეორე, ბულგარეთ-სერბეთის კონექტორი მომავალ წელს გაიხსნება. ასევე, აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ალბანეთის მთავრობასთან გაზის გამანაწილებელ ქსელში ინვესტიციების განსახორციელებლად, რადგან, ალიევის თქმით, ალბანეთი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანაა და გამანაწილებელი ქსელი იქ არ არსებობს, მაშინ, როცა ალბანეთს ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გაზი თავად სჭირდება.

ამასთან, ალიევმა იონი-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის პროექტი გაიხსენა, რომელიც ბალკანეთის სამ ქვეყანას მოიცავს. პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს ამ პროცესში ყველა მონაწილის ჩართვას, რომ ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯები გადაიდგას.

TAP გაზსადენით, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის სისტემის ნაწილია, აზერბაიჯანული გაზი ევროპაში იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს 2020 წლის 31 დეკემბრიდან მიეწოდება. გაზსადენი გათვალისწინებულია შაჰ-დენიზის საბადოდან წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის. გაზსადენის გამტარუნარიანობა საშუალებას იძლევა, მისი სიმძლავრე გაორმაგდეს, ანუ წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

2020 წლის 30 დეკემბრიდან TAP-ის გავლით ევროპელმა მომხმარებლებმა აზერბაიჯანიდან 18 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღეს. 2021 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, საიდანაც იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში მიწოდების მოცულობამ 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს ექსპორტისთვის 22-23 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობა არის პროგნოზირებული, რაშიც ევროპის წილი 11,5 მილიარდი კუბური მეტრია.

აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, 2027 წლისთვის ევროპაში აზერბაიჯანული გაზის წლიურმა მიწოდებამ 20 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ