3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ტრანზაქციები და გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

2022 წლის ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 28%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 1 037 აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 120%-ით არის გაზრდილი. მათივე ცნობით, წელს ოქტომბერში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 11.2 აშშ დოლარია.

რაც შეეხება ტრანზაქციებს, უძრავი ქონების გაყიდვები ოქტომბერში 34%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, ოქტომბერში თბილისში 4 052 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

კვლევის თანახმად, ოქტომბერში ტრანზაქციები ყველაზე მეტად 78%-ით გაიზარდა ჩუღურეთში, მას მოსდევს კრწანისი, სადაც ტრანზაქციები 59%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტოპ-3 რაიონს შორის ბოლო პოზიციაზეა ისანი, სადაც ტრანზაქციები წლიურად 58%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, კვლევის თანახმად, გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად 38%-ით გაიზარდა მთაწმინდის რაიონში, მას მოსდევს საბურთალოს რაიონი, ფასის 35%-იანი ზრდით, ხოლო სამეულში ბოლო პოზიციაზეა - ნაძალადევი, სადაც საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი 23%-ით გაიზარდა.

თაია არდოტელი