ოქროსა და სავალუტო რეზერვების მიხედვით რუსეთი მეოთხე ადგილზე დაწინაურდა

2022 წლის პირველი ცხრა თვის შედეგების მიხედვით, რუსეთი ოქროსა და სავალუტო რეზერვების მიხედვით მეოთხე ადგილზე ავიდა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომელიც ეროვნული ცენტრალური ბანკების მონაცემებს აანალიზებს.

რუსეთი (დასავლეთის ქვეყნების მიერ გაყინული აქტივების ჩათვლით) 540 მილიარდ დოლარს ფლობს. მანამდე ამ პოზიციაზე ინდოეთი იმყფებოდა - ამჟამად ნიუ დელი 532 მილიარდ დოლარს განკარგავს.

რეიტინგის პირველ ადგილზე ჩინეთია, რომელიც სექტემბრის ბოლოს მონაცემებით 3,193 ტრლნ დოლარს ფლობს. მეორე ადგილზეა იაპონია 1,238 ტრლნ დოლარით. მესამე ადგილზე შვეიცარია გავიდა 892 მილიარდი დოლარის ქონებით.

ამ კვირაში რუსეთის ბანკის პრეს სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით 16,7 მლრდ დოლარით გაიზარდა და 568,8 მლრდ დოლარს მიაღწია.

ეკა დარჩიაშვილი