უშუქოდ დარჩენილი უკრაინა - NASA თანამგზავრულ ფოტოს აქვეყნებს

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA- მ გამოაქვეყნა დედამიწის ღამით გადაღებული თანამგზავრული ფოტო, რომელიც უშუქოდ დარჩენილ უკრაინას ასახავს.

სურათი გადაღებულია 24 ნოემბერს. მასზე ნაჩვენებია უკრაინა სრულ სიბნელეში, ხოლო ის გარშემორტყმულია კაშკაშა შუქებით, რომლებიც ანათებენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს უტევს. „ეს იყო პასუხი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა .

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იტყობინება, რომ 23 ნოემბერს უკრაინის სამხედრო სამეთაურო-კონტროლის სისტემას და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებს მასიური დარტყმა მიაყენეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კამპანია „იმედის გენერატორების“ დაწყების შესახებ განაცხადა, რაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელების გენერატორებით მომარაგებას გულისხმობს.

დღეს, 26 ნოემბერს კი, საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი უკვე გაუგზავნა. ინფორმაციას უკრაინული მედია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტრო განცხადებით, საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე, ერთ გენერატორს კი, ათობით ბინის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გენერატორები უკვე გზაშია და უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

ukraina-1669454422.png

ეკა დარჩიაშვილი