საქართველოში კრასნოდარის სულგუნი იყიდება

კრასნოდარის სულგუნი ზუგდიდსა და სვანეთში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით შემოდის.

საქართველოში კრასნოდარიდან შემოტანილი სულგუნი გამოჩნდა. ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონსა და ზემო სვანეთში, კრასნოდარულ სულგუნს საკმაოდ აქტიურად მოიხმარენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად იმ ადამიანმა მოგვაწოდა, რომელიც პირადად იმყოფებოდა ამ რეგიონებში და ყველის ეს სახეობა თავად დააგემოვნა.

-სვანეთში ვიყავი ახლობლის დაკრძალვაზე და ვიფიქრე, თბილისში ნატურალური რძისგან დამზადებულ სულგუნსაც გავიყოლებდი. ჩემს ნათესავებს რომ ვკითხე, სად შეიძლება სულგუნის ყიდვა-მეთქი, გაეღიმათ - ამ დროს გასაყიდი სულგუნი ვის აქვსო. ამ დროს კრასნოდარის სულგუნი შემოდის, იაფიც არის და გავრცელებულიცო. ვიზუალურად თითქმის არაფრით გამოირჩევა ჩვენი სულგუნისგან.

- გემოთი?

- გემო განსხვავებული აქვს. უფრო გამომშრალია და როგორც მითხრეს, კრასნოდარის ქარხნებში არაჟნისგან ამზადებენ.

კრასნოდარის სულგუნი ზუგდიდსა და სვანეთში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით შემოდის. არადა, რძის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის სულგუნიც, ”საქპატენტმა” კარგა ხნის წინ, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დააპატენტა.

დაპატენტების დროს პროდუქტის აღწერით ნაწილში იწერება, რომ მაგალითად, რძის ესა თუ ის ნაწარმი, მზადდება საქართველოში, მხოლოდ ამ ტერიტორიაზე და მხოლოდ…შესაბამისად. პროდუქტი, რომელიც ამ აღწერით საქართველოს ტერიტორიას და მის ფარგლებს სცდება, უკვე ფალსიფიკაციაა.

ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ამის გასარკვევად ”საქპატენტის” თავმჯდომარეს ნიკოლოზ გოგილიძეს დავუკავშირდით.

- ”სულგუნი” არის გეოგრაფიული აღნიშვნა ქართული კანონმდებლობის მიხედვით და რეგისტრირებულია "საქპატენტში". შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას ზედ აწერია "სულგუნი", მაშინ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლება ირღვევა, რადგან სულგუნი არის ქართული პროდუქცია და ამ სახელით არის რეგისტრირებული ”საქპატენტში”, რაც გულისხმობს იმას, რომ მის ქვეშ, არის ტექნიკური სპეციფიციკაცია, რომელშიც აღწერილია ის მოთხოვნები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სულგუნი. ეს კი, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ რძის ნაწარმის ამ სახეობის ნედლეული წარმოებული უნდა იყოს საქართველოში. ასე რომ, თუ კრასნოდარიდან შემოდის პროდუქტი, რომელსაც აწერია ”სულგუნი”, ეს არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის უფლებების დარღვევა.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ აწერია სულგუნი და ისე შემოდის სხვა ქვეყნიდან?

- საქართველო ვერავის აუკრძალავს იმ ყველის წარმოებას, რომელსაც ჩვენ სულგუნს ვეძახით, უბრალოდ, მან ზედ სულგუნი არ უნდა დააწეროს. მაგალითად, თუნდაც აზერბაიჯანში იგივე სპეციფიკაციით დაამზადონ ყველის ეს სახეობა, მაგრამ სულგუნის სახელით გაყიდვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს აქვს. დადგენილია, რომ საქართველოში ადგილობრივი ტექნოლოგიითა და სპეციფიკაციით დამზადებული ყველი, ქართული ძროხის რძე განსხვავებული თვისებებით გამოირჩევა. თუ სხვა ქვეყანაში იგივე ტექნოლოგიით დაამზადებენ ამ ყველს, პრობლემა არ არის, უბრალოდ, სულგუნი არ უნდა დააწერონ. თორემ პროდუქტის დამზადებას ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ. სრულიად ჩვეულებრივ შეიძლება მოცარელა საქართველოშიც დამზადდეს, მაგრამ ”მოცარელას” ვერ დავაწერეთ.

- ფაქტია, რომ ყველის ეს სახეობა არალეგალურად შემოდის საქართველოში. ამ შემთხვევაში პრევენციის სახით, რა შეუძლია სახელმწიფოს?

- დიახ შემოდის, ოღონდ გააჩნია რაოდენობას. დაცული ადგილწარმოშობის, დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ასევე, შესაძლებელია კერძო სამართლებრივი წესით, სარჩელის შეტანა სასამართლოში. უბრალოდ, კარგად უნდა გავარკვიოთ, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე.

ლალი პაპასკირი