ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში აზერბაიჯანი 100 მლნ დოლარზე მეტს ჩადებს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში აზერბაიჯანის ინვესტიციები 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, სახელწოდებით, „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა.“ ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე ამ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციების ჩადებას იწყებს.

„ეს პროექტი 100 მლნ დოლარზე მეტი დაგვიჯდება,“ - აცხადებს ალიევი. მისივე თქმით, პროექტი წელიწადში ან წელიწადნახევარში დასრულდება.

ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, ასევე, სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურაში დებს ინვესტიეციებს. ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, სავაჭრო პორტის გადაზიდვის წლიური სიმძლავრის 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

„დღეს მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა,“ - აცხადებს ალიევი.

პრეზიდენტს მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებდა, რომ რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაიზარდოს.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხუთი წლის წინ გავხსენით,“ - აცხადებს ალიევი.

რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. ამ პროექტის ფარგლებში ყარსი-ახალქალაქის 98 კმ სიგრძის რკინიგზა აშენდა, რომლის 68 კმ-იანი მონაკვეთი თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. „ინტერფაქს-აზერბაიჯანის“ ცნობით, მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში 775 მლნ დოლარი გამოუყო.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მთლიანი სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 2,1-ჯერ მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ