FT: უმსხვილესმა ბრენდებმა Twitter-ში რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს

თითქმის ყველა უმსხვილესმა მსოფლიო ბრენდმა Twitter-ში რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა, ამის მიზეზი კი გახდა ილონ მასკის მიერ მისივე ნაყიდი კომპანიისადმი ქაოტური მიდგომა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას რამდენიმე მსხვილი ჰოლდინგის წარმომადგენელმა განუცხადა, ის რაც ახლა ხდება კომპანიაში, აქამდე არასოდეს მომხდარა, ეს არის უდიდესი დანაკლისი, რომლის მასშტაბები ვერაფერს შეედრება. მსოფლიოს სარეკლამო „დიდ ოთხეულში“ შედიან Interpublic Group of Companies, Omnicom Group, ფრანგული Publicis Groupe და ბრიტანული WPP.

კიდევ ერთმა წყარომ ამ კომპანიებიდან გაზეთს განუცხადა, რომ მასკმა ის დამკვეთებიც კი დააფრთხო, ვინც მას წარმატებას უსურვებდა. როგორც ის ამბობს, სარეკლამო შემოსავლების ვარდნის გამო მასკი თავად ურეკავდა ცალკეულ კომპანიებს და შეურაცხყოფას აყენებდა მათ, რამაც სხვები აიძულა მინიმუმამდე დაეყვანა Twitter-ში რეკლამები.

გაზეთის ცნობით, WPP-ში თვლიან, რომ ახლა Twitter-ში რეკლამის განთავსება მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ მასკმა ძალიან ბევრი თანამშრომელი დაითხოვა, მათ შორის, მარკეტინგის განყოფილებიდან, ისინი ვერ იღებენ უკუკავშირს განთავსებული რეკლამის ეფექტურობის შეფასებაზე. ამასთან, სულ უფრო გახშირდა რეკლამის გამოჩენის ტექნიკური წუნის შესახებ საჩივრებიც.

სარეკლამო დამკვეთების შიშები კიდევ უფრო გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მასკმა კომპანიიდან გაუშვა გაყიდვების მენეჯერი რობინ უილერი, რომელიც უბრალოდ არ დაემორჩილა მასკს, კიდევ უფრო მეტად შეემცირებინა მის განყოფილებაში თანამშრომლების რაოდენობა. სიტუაციას ართულებს ჩანაწერების ვერიფიკაციის პრობლემა, რომელიც ინტეგრირდა ფასიან ხელმოწერასთან Twitter Blue, ასევე თავად მასკის კრიტიკული ტვიტები საკუთარ გვერდზე.

კოკა კვირკველია