"ანტიკორუფციული კავშირი" საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

"ანტიკორუფციული კავშირი" საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

როგორც "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარემ გიორგი ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბავშვო ბაღებისთვის სახელმწიფომ კილოგრამ ხორცზე 14.80 ლარი გამოყო. "14 ლარის ნაცვლად, ინდმეწარმე, რომელიც მომარაგებას უწევს "ფუდსერვისს", ხორცს ღებულობს 3.50, მაქსიმუმ 7 ლარად, შემდეგ "ფუდსერვისს" აწვდის, რომელიც თავის მომსახურებისას ამატებს და შედის ბაგა-ბაღებში. 14 ლარიანი ხორცის რეალური ღირებულება 7 ლარი, მაქსიუმ 8 ლარია. ის 6 თუ 8 ლარი, იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის, რომელიც ხელს უწყობს ამ კორუფციული სქემის შემუშავებას. ესინი არიან სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელობა, შესაბამისი პირები და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები, ამასთანავე, ერთ-ერთი რგოლი ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობაა", - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

ამასთან, "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 121-ე საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხორცის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავად მიაწოდა. მისი თქმით, 17 მარტს, უვარგისი ხორცის აღმოჩენის შესახებ 121-ე საბავშვო ბაღის დირექტორმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს აცნობა, თუმცა ამაზე რეაგირება არ ყოფილა, მომდევნო დღეს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად მიიღო და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ადგილზე მისვლა სთხოვა, რის შემდეგაც უვარგისი ხორცის გამოვლენა მოხდა. გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ მიღებული ინფორმაციით, 121-ე საბავშვო ბაღის საკვებ ბლოკში მატლიანი ხორცი იყო შეტანილი.

"ანტიკორუფციული კავშირი" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის დათხოვას და შესაბამისი სამსახურის მიერ ვითარების შესწავლას ითხოვს. ამასთან, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ანტიკორუფციული კავშირის" სკოლამდელი სექტორის ხელმძღვანელმა მზია ფაილოძემ აღნიშნა, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში არც ერთი კვალიფიციური სკოლამდელი სპეციალისტი არ არსებობს. მისივე თქმით, აუცილებელია სისტემა კვალიფიციურმა სპეციალისტმა მართოს.