ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის ერთიანი საწარმოს ინიციატივით გამოდის

ყაზახეთი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ქვეყნის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა აქტაუში, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტრანსკასპიური ურთიერთკავშირის მინისტერიალზე მხარეებს მოუწოდა. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ეს საწარმო ერთიანი ოპერატორი იქნება, რომელიც ითანამშრომლებს როგორც ტვირთის გამგზავნთან, ისე მიმღებთან და მთელი მარშრუტის გასწვრივ მათ ერთიან ტარიფსა და საერთო სტანდარტის მომსახურებას შესთავაზებს.

ამასთან, უსკენბაევმა კოლეგებთან შეხვედრის დროს გაიხსენა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების ორმხრივ მემორანდუმს, რომელიც ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზებაში თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება. ამ თვალსაზრისით ერთობლივი საწარმოს შექმნაზე ყაზახური მხარე კოლეგებს მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„ეს შეიძლება, გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი TITR-ის განვითარებისთვის,“ - აცხადებს კაირბეკ უსკენბაევი.

მისი მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტებიდან TITR-ით, დაახლოებით, 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასულ წელზე ორჯერ მეტია. ის იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ეს მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს.

მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის განზრახვას, უზრუნველყოს ფინანსური მხარდაჭერა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებისთვის. მისი ცნობით, „2021 წლის 1 დეკემბერს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ინიციატივა, Global Gateway წამოიწყეს. ეს არის ახალი ევროპული სტრატეგია მაღალტექნოლოგიური, მწვანე და უსაფრთხო გლობალური კავშირის განვითარებისთვის, რომელიც ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიც არის დიგიტალიზაცია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და კვლევა.

„ამ სტრატეგიის რეალიზაციისთვის ევროკავშირი TITM-ის ინვესტირებას გეგმავს,“ - აცხადებს უსკენბაევი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ