სისტემურ-ელექტრონული ფორმის (ონლაინ) აზარტულ-მომგებიანი თამაშობების ორგანიზება შესაძლოა, ნებართვის გაცემას დაექვემდებაროს

სისტემურ-ელექტრონული ფორმის (ონლაინ) აზარტულ-მომგებიანი თამაშობების ორგანიზება შესაძლოა, ნებართვის გაცემას დაექვემდებაროს.

მთავრობამ პარლამენტს “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის თანახმად, აზარტულ ონლაინ თამაშებზე ნებართვის სახეები შემოდის - კერძოდ, ეს არის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების თამაშობების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობები.

ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ კი, სამორინეს ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორი - ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა.

ამის შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ახალი სახის ნებართვები შემოდის. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი - თოთოეული სახეობის ნებართვისათვის, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, წესდება ახალი სახის დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით.

ცნობისთვის, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონისა და სათამაშო ბიზნესის სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ონლაინ თამაშობის მოწყობის უფლება დამატებით ნებართვას არ საჭიროებს და მისი გამართვა შეუძლია აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების თამაშობები. ანალოგიურად, ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს როგორც სათამაშო აპარატების ასევე, სამორინეს თამაშობები, ხოლო ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს კი უფლება აქვს მოაწყოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშები.