ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანით, სარგებელი, შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იყოს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა ერთჯერადი პროგრამა არ არის და სარგებელი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს, შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი იყოს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმში ქვეყანას აქვს 40-45%-იანი ზრდის შესაძლებლობა, ამიტომ ტურისტების რაოდენობა უნდა გაუთანაბრდეს 2019 წელთან არსებულ მაჩვენებელს.

„რაც შეეხება კონცერტების დაფინანსებას, ეს პროექტი არის 2-წლიანი. აღნიშნული პროექტი ბუნებრივია, ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. როგორც მოგახსენეთ, ტურიზმში ქვეყანას აქვს 40-45%-იანი ზრდის შესაძლებლობა, რაც არსებული შემოსავლებიდან მილიარდ დოლარზე მეტია. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ტურისტების რაოდენობა უნდა გაუთანაბრდეს 2019 წელთან არსებულ მაჩვენებელს. ეს ქვეყანამ დამატებით მისცემს 1 მილიარდ დოლარის შემოსავალს და რეალისტური პროგნოზია, რომ მომდევნო წელს, 2019 წლის ტურისტების მაჩვენებელს დავუახლოვდეთ. ამას სჭირდება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ეს თავისით ვერ მოხდება. ამ მიმართულებით თანხები გამოსაყოფია. შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტია. აღნიშნული პროგრამა იქნება თვითკმარი, აღნიშნული პროგრამა თავის თავს შემდგომ წლებში თვითონ დააფინანსებს. ამონაგები იქნება საკმაოდ მაღალი, მეორე მხრივ, ამას ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. მომდევნო 2 წლის განმავლობაში თავისუფლად გაგრძელდება პროგრამა ამ დაფინანსებით. ერთჯერადი პროგრამა არ არის. სარგებელი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს, შესაძლოა იყოს რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი“, - აღნიშნავს ხუციშვილი.

კითხვაზე, რატომ ჩათვალა მთავრობამ, რომ კონცერტების 70 მილიონი ლარით დაფინანსება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე პოლიციის, რისთვისაც 35 მილიონია გამოყოფილი, ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ამ თანხების შედარება სწორი არ არის.

„პოლიციის და სხვა სამსახურების ხელფასების დაფინანსება იზრდება 300 მილიონი ლარით. 35 მილიონი ლარი გამოიყოფა ინფრასტრუქტურის ნაწილისთვის. პოლიციის შენობები, სასაზღვრო პუნქტებზე. ასევე ეს თანხა მოიცავს დამატებით სახანძრო მანქანების შეძენას. იცით, რომ 55 მილიონი ლარია გამოყოფილი 3 სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად. ამ თანხების შედარება არ იქნება სწორი“,- აღნიშნავს ხუციშვილი.