"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სახელმწიფო ბიუჯეტში აუთვისებელი თანხებისა და დეფიციტის შესახებ განცხადების უარყოფას არ აპირებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ნოდარ ხადურს პასუხობს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ბიუჯეტში დარჩენილი აუთვისებელი თანხების, ასევე დეფიციტის შესახებ გაკეთებული განცხადების უარყოფას არ აპირებენ. "ჩვენ არ ვაპირებთ ამ განცხადების უარყოფას. ვფიქრობთ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტება არ ეფუძნება ფაქტებს, არ სცემს პასუხებს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს და შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრომ აღიარა 82 მილიონის დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართვა, ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით: ფინანსთა სამინისტროს მიერ ხდებოდა ბიუჯეტის არაეფექტური დაგეგმვა. ასევე, განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელმაც გვითხრა, რომ დღესდღეობითაც ამ ანგარიშზე 70 მილიონ მეტზე ლარი დევს... ეს ადასტურებს პირველ რიგში იმას, რომ დეკემბრის ბოლოს არ იყო მისი განთავსების აუცილებლობა და დღესაც გაუგებარია - რატომ არის ეს 70 მილიონი ამ ანგარიშზე", -აღნიშნა ონიანმა.

მისივე თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებაში ითქვა, რომ 5 მილიონზე მეტის დადება ამ ანგარიშზე საჭირო არ არის. მეორე თემა, რაც შეეხება დეფიციტის აღრიცხვას, ონიანის თქმით, მისასალმებელია, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეცვალა ეს მონაცემები თავის ვებგვერდზე ჩვენი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა გაუგებარია - რატომ უარყოფს ფინანსთა სამინისტრო, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. "რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში მოყვანილ საგადასახადო კოდექსზე აპელირებას, ვფიქრობთ, რომ ეს მუხლებიც ამ შემთხვევაში არარელევანტურია. ისინი სხვა რამეზე საუბრობენ. ამასთან ერთად გვინდა განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ფინანსთა სამინისტროსთან პროფესიონალური ეთიკის დაცვით, მათი სპეციალისტების პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენების გარეშე ვიმუშაოთ ამ საკითხებზე" - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - გიორგი ონიანმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების მდგომარეობა, რითიც ირკვევა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ ინფორმაციის დაფარვისას ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემების მანიპულირებას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას ფინანსთა სამინისტრო გუშინვე გამოეხმაურა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ორგანიზაციას მისი დაუყოვნებლივ უარყოფა მოსთხოვა.