Kyivpost: ”ქართველებმა იციან, არსებული ომის ფონზე, როგორ აწარმოონ ბიზნესი უკრაინაში”

საქართველოსთან უკრაინის სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 686 მილიონი დოლარი შეადგინა

”ქართველებმა იციან, არსებული ომის ფონზე, როგორ აწარმოონ ბიზნესი უკრაინაში”, - ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა Kyivpost სტატიას საქართველო-უკრაინის ბიზნეს ურთიერთობებზე. სტატიის ავტორი ილია ტიმჩენკო წერს, რომ როგორც მასთან საუბარში უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ალექსანდრე ყიფიანმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას შორის ბიზნესის სფეროში ურთიერთობა იმედისმომცემი რჩება. ”საქართველოსთან უკრაინის სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 686 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 13 პროცენტით ნაკლებია 2013 წელთან შედარებით”, - წერს ილია ტიმჩენკო.

სტატიის თანახმად, როგორც ავტორთან ”თელიანი ველის” აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა ხობელიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი უკრაინაში ღვინის ექსპორტის მხრივ ისეთი წარმატებული არ იყო, როგორც 2013 წელი, ღვინის ბიზნესი მაინც კარგ ტემპს ინარჩუნებს. ”2013 წელს კომპანიამ უკრაინაში 1,25 მილიონი ბოთლი, დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების 20%-ია. ქართული ღვინის კომპანია უკრაინის ბაზარზე 2008 წელს შევიდა და დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ოფისი აქვს, სადაც ჯამში, 100 ადამიანია დასაქმებული”, - ნათქვამია ”კიევ პოსტის” სტატიაში.

ამასთან ერთად, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინიდან საქართველოში 603 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე საქართველოდან იმპორტი. ”უკრაინიდან საქართველოში ძირითადად თამბაქოსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის ხორცის, ზეთისა და წვენების ექსპორტი, საქართველოდან კი ღვინის, მინერალური წყლის, ფერადი ლითონისა და მატარებლის ლოკომოტივების იმპორტი ხორციელდება”, - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, შედარებით მცირეა უკრაინული ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში, სადაც 2014 წელს 1,27 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციებიდან, უკრაინაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი მოდის. უკრაინაში კი 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებლით 17,2 მილიონი დოლარის ქართული ინვესტიცია განხორციელდა.

”თუმცა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები იზრდება ისევე, როგორც საქართველოში ჩასული უკრაინელების რიცხვი - 2012 წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 76 ათასი იყო, 2013 წელს - 126 ათასი, 2014 წელს კი ამ მაჩვენებელმა 143 ათასი შეადგინა”, - ნათქვამია უკრაინული გამოცემის სტატიაში.