რუსეთის შსს-მ შესაძლოა, პასპორტები ვეღარ გასცეს. პრინტერებს ვადა ეწურება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა, ახალი პასპორტების გაცემა ვეღარ შეძლოს, რადგან ამ დოკუმენტების დასაბეჭდი მატრიცული პრინტერების პარკს სანქციების გამო ვერ აახლებს. ამის შესახებ სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, იური ვოინოვმა ფედერაციის საბჭოში გამოსვლის დროს განაცხადა, რასაც „ვედომოსტი“ ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთი შიდა პასპორტების დასაბეჭდად საჭირო მატრიცულ პრინტერებს არ აწარმოებს, უცხოელმა მოვაჭრეებმა კი სანქციების გამო ასეთი აღჭურვილობის მიწოდება შეწყვიტეს. ამდენად, ჩინოვნიკი ამბობს, რომ სამინისტროს ახალი პრინტერების შეძენა თეორიულადაც კი არ შეუძლია, რამაც მომავალში შესაძლოა, ახალი პასპორტების გაცემა ჩააგდოს. ვოინოვის თქმით, შსს ადგილობრივი დეველოპერების მიერ აღჭურვილობის განვითარებას ავანსის სახით ვერ დააფინანსებს, თუმცა მზად არის, შეიძინოს პრინტერები, თუ რუსი დეველოპერები ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად მის შექმნას შეძლებენ.

მართალია, ჩინოვნიკი არ აკონკრეტებს, თუმცა გაზეთის წყარო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასპორტების დასაბეჭდად იაპონური მიმწოდებლების, Epson-ისა და OKI-ს, ასევე, იტალიური Olivetti-ს პრინტერებს იყენებს. წერტილოვანი მატრიცის პრინტერებს შორის რუსეთში, ასევე, პოპულარულია Epson-ისა და ამერიკული Lexmark-ის პროდუქტები. მაგალითად, Lexmark-ის პრინტერებს „სბერბანკის“ ფილიალებში მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასაბეჭდად იყენებენ. ამასთან, მატრიცულ პრინტერებზე იბეჭდება რუსეთის რკინიგზის ბილეთები და ე.წ. მკაცრი ანგარიშვალდებულების სხვადასხვა ფორმები.

საბეჭდი ტექნიკის მწარმოებლებს შორის, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, არის Epson, HP, Xerox და Canon. Lexmark-მა რუსული ბაზარი ჯერ კიდევ აგვისტოში დატოვა და თავისი „F-plus აღჭურვილობისა და განვითარების“ ბიზნესი ჯგუფ Marvel Distribution-ის დედა კომპანიას გადასცა. OKI და Olivetti-ს რუსეთში მუშაობის შეწყვეტაზე განცხადება აქამდე არ გაუვრცელებიათ, თუმცა ეს კომპანიები რუსეთში სანქციებამდეც წარმომადგენლობითი ოფისების გარეშე, მხოლოდ დისტრიბუტორების მეშვეობით მუშაობდნენ.

ექსპერტების შეფასებით, შეძენილი პრინტერები ფედერაციის შსს-ს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ეყოფა, რაც მეტწილად სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალის ხელმისაწვდომობაზე არის დამოკიდებული. „ვედომოსტის“ წყარო აცხადებს, რომ პარალელური იმპორტით შეტანილ აღჭურვილობაზე მწარმოებლის გარანტია არ ვრცელდება, შსს-სთვის კი საგარანტიო საკითხი კრიტიკულია, რადგან ეს ტექნიკა მეტად ძვირი ღირს.

დარგის ექსპერტები და ბაზრის მონაწილეები ადასტურებენ, რომ მატრიცული პრინტერების რუსი მწარმოებლები არ არსებობენ და ამ წარმოების მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაწყებაც შეუძლებელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ