სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წევრები რაჭა-ლეჩხუმის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წევრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერვლიდან "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" და ახალი პროგრამა "დანერგე მომავალი" დაიწყო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, "დანერგე მომავალის" მენეჯერი ლევან დოლიძე, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის" მენეჯერი დავით კიკნაძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ზვიად ჩხაიძე და მისი მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს პარმენ მარგველიძეს და გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის "დანერგე მომავალის" განხორციელება 6 მარტიდან დაიწყო. სააგენტოში პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

"პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. ახალი პროექტის განხორციელების შედეგად, მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. ამავე დროს, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი", - ნათქვამია განცხადებაში.

დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს "თანადაფინანსების კომიტეტს", პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას. პროექტის "დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

- ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

- სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.

გარდა სახელმწიფო თანადაფინანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს:

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს;

- ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება;

- კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის / სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად: 1 000 - 1 200 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს. რაც შეეხება "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს, წინასწარი მონაცემებით დახმარებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 23328 ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 8980 ფერმერი.