დეველოპერულმა კომპანიამ ,,m2 უძრავი ქონება" 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა.
კომპანიის ინფორმაციით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, მ2 მომხმარებელს უკვე მესამედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები m²-ის ობლიგაციებში და შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. მათივე განმარტებით, აღნიშნული ორწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%-ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება. m2-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია "გალტ & თაგარტ"-მა განახორციელა.
"მოხარული ვარ ავღნიშნო "გალტ& თაგარტის" როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მოთხოვნამ გადააჭარბა კიდეც მიწოდებას. მინდა მივულოცო "გალტ& თაგარტის" მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ "გალტ & თაგარტს" მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები," - განაცხადა "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
დეველოპერული კომპანიის "m² უძრავი ქონების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ბურდილაძის თქმით კი, წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²-ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა. "მოხარული ვართ განვაცხადოთ m²-ის ობლიგაციების რიგით მესამე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²-ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²-ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას. დეველოპერული კომპანია m² განაგრძობს ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებას და მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების შექმნას", - განაცხადა დეველოპერული კომპანიის "m² უძრავი ქონება" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.
m²-ის ობლიგაციის შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ინვესტიციების მართვის კომპანიას "გალტ & თაგარტ" www.gt.ge.