უპრეცენდენტო ფაქტი. სასამართლომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას მარნეულის მერიიდან მისაღები ყოველწლიური დაფინანსება 410 000 ლარი გაუუქმა - რომან გოცირიძე

„უპრეცედენტო ფაქტი მოხდა ახლახან ჩვენს სასამართლო პრაქტიკაში - ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გაუუქმა მარნეულის მერიიდან მისაღები ყოველწლიური დაფინანსება 410 000 ლარის ოდენობით " - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„უპრეცედენტო ფაქტი მოხდა ახლახან ჩვენს სასამართლო პრაქტიკაში - ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გაუუქმა მარნეულის მერიიდან მისაღები ყოველწლიური დაფინანსება 410 000 ლარის ოდენობით.

ეს იშვიათი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა (კომუნალური მიზნითაც კი) უკანონოდ შეფასდა. ეს მაშინ ხდება, როცა სულ მალე 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დაიწყებენ საკრებულოები და ეს პრეცედენტი წესით უნდა აისახოს კიდევაც მათ გადაწყვეტილებებშიც.

ამ ამბის შესახებ იცის ვინმემ? მომზადდა თუნდაც ერთი სიუჟეტი რომელიმე ტელევიზიაში? მოჰყვა რაიმე დისკუსია სწორია თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ მორალური თვალსაზრისით? აბა რომელიმე ხატს მზე მიდგომოდა და ზეთი გამოსვლოდა, მტირალა ხატის ამბავი მოივლიდა ქვეყანას, არაფერს ვამბობ იმაზე, რა მოხდებოდა რომელიმე გაიძვერა სასულიერო თუ არასასულიერო პირს სისხლი ჩუმად რომ წაესვა ხატისათვის. ვინ დაიწყებდა იმის ანალიზის, რომელი კატეგორიის სისხლია, რეზუს უარყოფითი თუ დადებითი ან სულაც არის თუ არა ადამიანის. ეჭვის გაჩენაც კი მკრეხელობა იქნებოდა, არა თუ ამაზე საუბარი.

სხვა რომ არაფერი, ამ გაბედული მოსამართლეების გვარ-სახელები მაინც უნდა იცოდეს ხალხმა" - წერს გოცირიძე.

თამარ მუკბანიანი