გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის იმიგრაციას წესს ამარტივებს

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის იმიგრაციის გამარტივების წესს დაამტკიცებს. ინფორმაციას Bloomberg მინისტრთა კაბინეტის მიგრაციის სტრატეგიულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან იმიგრირებულ უცხოელებს, რომლებსაც დამსაქმებელთან სამუშაო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, გერმანია საშუალებას მისცემს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა, ხოლო პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი შეუძლიათ, მოგვიანებით მიიღონ.

ამასთან, გერმანიის მთავრობას სურს, ახალგაზრდა იმიგრანტებს ქვეყანაში პროფესიული სწავლების პროცესი გაუადვილოს. Bloomberg-ის ცნობით, გერმანიაში დასაქმებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის გამჭვირვალე და ზედმეტი ბიუროკრატიისგან თავისუფალი ქულების სისტემა დაინერგება, როგორიც, მაგალითად, კანადაშია.

„ეს იქნება ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო კანონი ევროპაში,“ - აცხადებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი.

მინისტრმა ეს განცხადება გუშინ გააკეთა, დღეს კი ის მიგრაციის ახალ სტრატეგიას შინაგან საქმეთა, შრომისა და განათლების მინისტრებთან ერთად მთავრობის სხდომის შემდეგ წარადგენს. ჰაბეკის თქმით, გერმანია არა მხოლოდ კვალიფიციური მუშახელის, არამედ ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტს აწყდება, რა პრობლემასაც სახელმწიფო ბოლო წლებში აიგნორირებდა.

Bloomberg-ის ცნობით, ხელისუფლება გერმანიის ფარგლებს გარედან წელიწადში 400 000 კვალიფიციური მუშახელის მიზიდვას გეგმავს.

Ifo Institute-ის აგვისტოს კველვით, წელს პროფესიონალთა დეფიციტმა გერმანიაში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ქვეყანაში ყოველ მეორე კომპანიას კვალიფიციური მუშაკების პოვნა უჭირს. დეფიციტი განსაკუთრებით მომსახურების სექტორში შეინიშნება, ამიტომ, Ifo Institute-ის მონაცემებით, ბიზნესს უფრო და უფრო მეტი კომპანია ამცირებს, რადგან საკმარის პერსონალს ვერ პოულობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ