კომპანიებს, რომლებიც ლარის დევალვაციის გამო დაზარალდნენ, შეღავათები დაუწესდებათ

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებს, რომლებიც ლარის დევალვაციის გამო დაზარალდნენ, სახელმწიფო შეღავათებს დაუწესებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში სავალუტო კრიზისის გამო, ძალიან ბევრი კომპანია დაზარალდა. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროექტებში.

"მხედველობაში მაქვს, უპირველეს ყოვლისა, ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ გამოცხადებული, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები, ასევე ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით. ძალიან ბევრ პროექტს და კომპანიას შეექმნა საფრთხე იმისა, რომ წინა გამოცხადებული ფასებით (და მოგეხსენებათ, რომ ფასები არის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული), ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ მოგვივიდა სიგნალი, რომ კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს და მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ საგარანტიო თანხები დაკარგონ, ვიდრე დაიწყონ სამუშაოები და უფრო მეტი ზარალი განიცადონ. ამიტომ, მთავრობამ იმსჯელა ამ პრობლემის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, გაითვალისწინოს არსებული გარემოებები და გამოიყენოს უპირველეს ყოვლისა, ის 10%-იანი ლიმიტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტით არის გათვალისწინებული და აქამდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. ასევე იმ პირობებშიც, როდესაც შესყიდვების დროს გაუფასურების ეფექტი აღწევს 10%-ზე მეტს, ან უფრო მეტი კომპონენტია უცხოურ ვალუტაში შესყიდვების, ამ შემთხვევაშიც შექმნას უწყებათაშორისი ფორმატი, რომელშიც ყველა ასეთი შემთხვევა განხილული იქნება ფინანსთა სამინისტროს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შემსყიდველი ორგანიზაციების მონაწილეობით და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებენ ამგვარ სამუშაოებს, კომპენსირებული იქნას დევალვაციის ეფექტი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს მექანიზმი არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის კომპანიები, რომელთა პრობლემებიც გამოწვეულია დევალვაციით ან სადაც იყო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული შესყიდვების ნაწილი. "უახლოეს მთავრობის სხდომაზე მთავრობა დაამტკიცებს კანონმდებარე აქტში ცვლილებას, სადაც უკვე კონკრეტული მექანიზმები იქნება გათვალისწინებული, რა მექანიზმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს მონაწილეობით სახელმწიფო გაუკეთებს კომპენსირებას იმ კომპანიებს, რომლებმაც გაიმარჯვეს ტენდერში. ეს არ ეხება დღემდე განხორციელებულ შესყიდვებს და იმ შესყიდვებს, სადაც სამუშაოები უკვე ჩაბარებულია, ეს ეხება მხოლოდ იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ პერიოდიდან მომავალში შესრულდება. სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი, კომპანიების მიმართ და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უპირველეს ყოვლისა, კომპანიებს მიეცეთ შეუფერხებლად საქმიანობის საშუალება. მეორე რიგში, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, არ უნდა შეფერხდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა კომპანიებს, ვინც აღნიშნული მიზეზით არის შეფერხებული, შეუფერხებლად გააგრძელონ მუშაობა. "ასევე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ პროექტებს, რომლებიც საერთაშორისო რეგულაციების ქვეშ სრულდება, კერძოდ, დონორების მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერებით შესრულებული პროექტები. საერთაშორისო რეგულაციებით გათვალისწინებულია კომპენსირების მექანიზმები და მე მოვუწოდებ ყველა კომპანიას, რომ რეალური სურათიდან გამომდინარე, რაც არსებობს დღეს, გამოიყენონ ეს საშუალება და კომპენსირების მექანიზმები გარანტირებული იქნება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დევალვაციამ შეუქმნა პრობლემა ამ კომპანიებს", - განაცხადა კვირკაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ამ კომპენსირებისთვის რა თანხა გამოიყოფა, მინისტრმა განაცხადა, რომ ზუსტი თანხის დასახელება ახლა არ შეუძლია. "ყველა შეთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული და მხოლოდ და მხოლოდ უცხოური ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ეფექტი უნდა იქნას დაკომპენსირებული. დღეს კონკრეტული, ზუსტი თანხის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ რომ ეს ნაბიჯები არ გადავდგათ, შემიძლია გითხრათ, რომ ამას ძალიან ნეგატიური ეფექტი ექნებოდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ეკონომიკური ზრდის კუთხით. ამიტომ, მთავრობა მზად არის, სხვა მიმართულებით მოიკლოს ფული და გადადგას ეს ნაბიჯი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.