რიგ შემთხვევებში, შეიძლება ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდოს და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ან ქვეითებისთვის იყოს

ჩვენ იმდენი პარკირების ადგილი გვექნება, რამდენი ავტომობილის გატარების უნარი გააჩნია ქალაქს - შესაძლოა, საერთოდაც პარკირების ადგილებიც გაუქმდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალია მობილობა,- ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, სადისტრიბუციო ავტომანქანებისთვის დედაქალაქში პარკირების ადგილები მოწყობა ხომ არ გამოიწვევს საპარკინგე ადგილების შემცირებას.

“პარკირების არეალის განსაზღვრა ისე არ ხდება, რომ სადღაც გაიზარდოს ან სადღაც შემცირდეს. ურბანული სივრცე თანაბრად უნდა გადავანაწილოთ. რაც შეეხება პარკირების ადგილებს და რაოდენობას, პარკირება არის საგზაო მოძრაობის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი. დედაქალაქში გვაქვს იმდენი საპარკინგე არეალი, რამდენის გატარებაც იმ კონკრეტულ არეალს შეუძლია.

იცით, რომ ჩვენ გვაქვს ზონალურ-საათობრივი პარკირებაც და შესაძლოა, საერთოდაც პარკირების ადგილებიც გაუქმდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალია მობილობა. რამდენჯერმე გავიმეორე და ახლაც ვამბობ, რომ პარკირება არის ერთ-ერთი მართვის მექანიზმი და შესაძლოა, რომ პარკირებაც შეიზღუდოს და რიგ შემთხვევებში შეიძლება ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდოს, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს, ან მხოლოდ ქვეითისთვის. ეს პოლიტიკის ნაწილია. ეს გაცხადებული იყო თავიდანვე. რა თქმა უნდა, ჩვენ იმდენი პარკირების ადგილი გვექნება, რამდენი ავტომობილის გატარების უნარი გააჩნია ქალაქს“,-აღნიშნავს წილოსანი.

ამასთან, განმარტავს, რომ კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა დღის კონკრეტული საათები გამოიყოს დისტრიბუციისთვის.

„დედაქალაქში დაახლოებით 5000 ობიექტია, რომელსაც დისტრიბუცია ემსახურება. თუმცა, აქედან უმრავლესობა წარმოადგენს ისეთ მცირე ბიზნესს, სადაც ამ ადამიანებს მოუწევდათ დამატებითი ხარჯის გაწევა, რათა ღამის საათებში მიეღოთ პროდუქცია, რაც მომაკვდინებელი იქნებოდა მათთვის. ეს გავიზიარეთ დისტრიბუციის მხრიდან და ამ მიმართულებით მოლაპარაკება დასრულდა. მზად ვართ განვიხილოთ სხვა შეზღუდვის დროები, ისე რომ მცირე ბიზნესს პრობლემა არ შეექმნას, დისტრიბუციისთვისაც მისაღები იყოს, ქალაქში გადაადგილებისთვისაც კომფორტული იყოს“,- აღნიშნავს წილოსანი.