პარლამენტი ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დადგენის ინიციატივაზე მსჯელობს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დადგენის ინიციატივაზე მსჯელობს.

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კანონის დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას გულისხმობს, სესიაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

ცვლილებების გათვალისწინებით, მედიკამენტის ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული აღარ იქნება.

როგორც გაბუნიამ განმარტა, რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიას, როგორც მედიკამენტების ფასის რეგულაციისა და მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთ-ერთ მექანიზმს, ბევრი ქვეყანა იყენებს.

კანონი ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც ფასის სახელმწიფო რეგულირება გავრცელდება.

კანონი მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას აკრძალავს და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებსა და ადმინისტრირების ზომებს. ასევე, ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა და ა. შ.