"მიუსაფარ ცხოველთა საკითხი მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე არ დგას - ახალი კანონი პროცესის მართვის შესაძლებლობას საქართველოს მასშტაბით მოგვცემს"

მიუსაფარ ცხოველთა საკითხი მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე არ დგას - ახალი კანონი პროცესის მართვის შესაძლებლობას საქართველოს მასშტაბით მოგვცემს,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე ისაუბრა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ეს საკითხი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა, დედაქალაქის მერიისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო.

„ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვაა. ამიტომ კანონის ჩარჩოში მოექცევა ცხოველების გამრავლება, აღრიცხვა, არასათანადო მოპყრობის ფაქტები და უსაფრთხოებისთვის საჭირო ნორმების დაცვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამაში მხოლოდ თბილისი არ იქნება ჩართული და პროცესის მართვა ქვეყნის მასშტაბით მოხდება“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.