საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ისრაელში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების პოტენციალი გააცნო.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დინამიკის შესაძლებლობებსა და მგზავრთნაკადის გაზრდის პერსპექტივებზე, ისრაელელ ბიზნეს სექტორს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ვაკო ჭილაშვილი ესაუბრა. ისრაელი რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ჯამური მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში ყველაზე დიდია.

,,ისრაელი და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თურქეთის შემდეგ, ისრაელი მეორე ქვეყანაა, სადაც ორ ქვეყანას შორის საშუალოდ წლიურად ჯამური მგზავრთნაკადი 400 ათასს აჭარბებს. პრეზენტაციისას მიმოვიხილეთ საქართველოს საავიაციო ბაზარი. ვრცლად ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, იმ სპეციალურ ფასდაკლების პაკეტებზე, რასაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ. ჩვენი პროგნოზით, ქუთაისი თელ-ავივისა და ქუთაისი-რამონის მიმართულებით ფრენების დაწყების შემთხვევაში, მგზავრთნაკადით საკმაოდ დიდი იქნება“,- განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

მათივე ცნობით, ისრაელში პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო.