EURACTIV: მძიმე პერიოდის სასიამოვნო სიახლე - საქართველოს ეკონომიკა

გამოცემა EURACTIV საქართველოს ეკონომიკის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ არსებულ გარემოში, რომელიც ევროპაში დაწყებული ეკონომიკური უკუსვლით, საჯარო ფინანსების მზარდი დეფიციტით, ვალებით და ევრაზიის რეგიონში არსებული არასტაბილურობით ხასიათდება, არსებობს ერთი ქვეყანა, საქართველო, რომელიც ამ ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით ვითარდება.

სტატიის ავტორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი წერს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინფორმაციით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველომ უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას მიაღწია რეგიონის სხვა ქვეყნებთან და ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2022 წელს 10 პროცენტს გაუტოლდება.

„ამავდროულად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქცენტების გაკეთებას ძლიერი მაკროეკონომიკური ბაზისა და ფისკალური დისციპლინის შექმნაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წლისთვის მოსალოდნელია დაახლოებით 3.1% იყოს (ეს კი მნიშვნელოვანი კლებაა 2021 წელს არსებული 6.1 პროცენტიდან), თან ამით მოხდება ფისკალური წესრიგის სამიზნე ორიენტირთან მიახლოება, რომლის მიხედვით, მშპ წილობრივად 3 პროცენტამდეა პროგნოზირებული 2023 წლისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ სახელმწიფო ვალი 2021 წელს 60.1 პროცენტი იყო, რაც 2022 წელს 49 პროცენტამდე შემცირდება და მოსალოდნელია, რომ 2023 წლისთვის კიდევ უფრო დაიკლოს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობაში ალბათ შურთ კიდეც, როდესაც ამ მაჩვენებლებს ხედავენ. სულადობრივი მშპ 2021 წელს არსებული 5000 აშშ დოლარიდან გაიზრდა და 2022 წელს 6600 აშშ დოლარი შეადგინა.

„ეს შთამბეჭდავი მაჩვენებლები იოლად არ მოსულა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია COVID-19 პანდემია, რომელსაც უკრაინაში ომი მოჰყვა. ეს მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის დაუღალავმა მუშაობამ მოიტანა. აღსანიშნავია ასევე მისი სტრატეგიული მიდგომა და მოქნილობა, რაც გამოიკვეთა რეგიონსა და გლობალურად სწრაფად-ცვალებადი სიტუაციის პირობებში.

საქართველოს ეკონომიკური სასწაული განპირობებულია ძლიერი საექსპორტო ტვირთბრუნვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რასაც მზარდი ტურიზმი და საერთაშორისო სატრანსპორტო სექტორის შემოსავლები უმყარებენ საფუძველს. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში სასაქონლო ნომენკლატურის ექსპორტი 37 პროცენტით გაიზრდა, რუსეთიდან შემცირებული ექსპორტის მიუხედავად.

ტურიზმის სექტორში შემოსავლები 156 პროცენტით გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაორმაგდა და 923 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 63 პროცენტიან ზრდაზე მეტყველებს 2019 წლის იმავე საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ევროკავშირის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურ ოდენობაში 43 პროცენტია, ხოლო რუსეთის - უარყოფითი“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს საკვანძო სატრანზიტო ქვეყნის როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო გადაზიდვებში. მისივე თქმით, შავი ზღვის დაკავშირებადობის უნარი ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის საჭიროება გადაუდებელ ხასიათს იღებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სავაჭრო დერეფანში.

2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, საერთაშორისო ტვირთბრუნვა 19.4 პროცენტით გაიზარდა საქართველოში და 17.9 მილიონ ტონას მიაღწია.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ინოვაციური ინიციატივა განახორციელა შთამბეჭდავი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაში გარდასაქმნელად.

მისი თქმით, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის დაწყება ახალი ბინებით დაკმაყოფილებას გულისხმობს 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისთვის.

„მსგავსი პროგრამა პოლიციის თანამშრომლებისთვისაც დაიწყო. საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში, იძულებით ადგილნაცვალი პირების 1383 ოჯახზე მეტი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით (საუბარია რუსეთთან 2008 წლის ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალ ადამიანებზე).

ეს გამოცდილება შეიძლება აქტუალური იყოს უკრაინისთვის, როდესაც რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი იძულებით ადგილნაცვალი პირების ბინებით დაკმაყოფილება გახდება საჭირო.

ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების დასაქმებას, რომლებიც სახელმწიფო შემწეობაზე არიან დამოკიდებულნი. დამსაქმებლები სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

უკვე თითქმის 50 000 ადამიანს შეეხო ეს სოციალური ინიციატივა. საქართველოს მთავრობის ინტერვენციის წყალობით, ქვეყნის მოსახლეობა გაიაფებული მედიკამენტებითაც სარგებლობს.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ფლაგმანური პროექტი დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

ხსენებული პროექტები შავი ზღვის გავლით გულისხმობს ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ციფრული დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ინტეგრაციას ევროკავშირის დიდ ფასეულობათა ჯაჭვში; ციფრული დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებას საქართველოს მოქალაქეებისთვის; ენერგო-ეფექტურობის ხელშეწყობას საბინაო სექტორში“, - ნათქვამია სტატიაში.

„მწამს, რომ ეს ფაქტები თავად ყვება დიდ ამბავს. საქართველო არის თანამედროვე, დინამიური ქვეყანა და დასავლეთის ძლიერი მოკავშირე ამ ტურბულენტურ ევროაზიურ რეგიონში. მას შესაბამისი მოპყრობა სჭირდება ევროკავშირის გაფართოების კონტექსტშიც”,- წერს სტატიის ავტორი. მისივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის პასუხად 2022 წლის ივნისში ევროპული კომისიის დასკვნაში განსაზღვრულ პუნქტებს.

ოფიციალურმა თბილისმა იცის, რისი გაკეთებაა საჭირო და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი გამოწვევების მოგვარებაზე, მათ შორის ყველა იმ საკითხზე, რომლებიც წინსვლას განაპირობებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

აღნიშნული ხელშესახები მიღწევები წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ამყარებს, რაც ევროკავშირში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციის ძლიერი საფუძველია”,- წერს ავტორი.