ბიძინა ივანიშვილი: ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და მოახერხა, ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

როგორც ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და მოახერხა, ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა. ყოფილმა პრემიერმა მედიასთან ისიც განმარტა, თუ რას გულისხმობდა მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ლარის კურსი ჯანსაღად იქცევა.

"როდესაც მე ვთქვი, რომ ჯანსაღად და კარგად იქცევა ლარი, ამის შემდეგ გავაკეთე განცხადება, რომ სუსტი ეკონომიკა გვაქვს. შემდეგ წერილი მივწერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ვიყავი სრულიად თანმიმდევრული. როდესაც დაიწყო რყევები, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. როდესაც ლარი დაეცა და გაუფასურდა დოლართან, მაშინ ეკონომიკას მივაწერე ეს ყველაფერი და ეროვნულ ბანკს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და მოახერხა ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაეტანა. მაშინ მე ეროვნულ ბანკს სწორი შენიშვნა მივეცი და ეს იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, პროცესები, რომლებიც ახლა ლართან მიმართებაში ვითარდება, ნორმალურია.

"ორი ლარის ფარგლებში ლარის მერყეობა შესაძლებელია, რადგან პროცესები ჯერ რეგიონში არ დალაგებულა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.