ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ყველაზე მძიმე შეცდომად ზედმეტი პრემიების გამოწერას მიიჩნევს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ყველაზე მძიმე შეცდომად ზედმეტი პრემიების გამოწერას მიიჩნევს, - ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რომელ უარყოფით მოვლენას გაიხსენებდა, რაც ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობისთვის" არ დაუბრალებია.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო პრემიების საკითხი და ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" არავის არ დაუბრალებია. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ანალიზს წარმოადგენს საკუთარ გადაცემა 20-30-ში.  "ყველაზე დიდ შეცდომად და დარღვევად, არ ვიცი უფრო მძიმე სიტყვა რა ვიხმარო, მიმაჩნია პრემიების თემა. სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო ყველაზე ცუდი შემთხვევა. კიდევ შეიძლება იყო ეჭვები სხვადასხვა მინისტრებზე თუ თანამდებობების პირზე და რეაგირებები კეთდება. რაც მთავარია, გამჭირვალე ხელისუფლება გყავთ და მათ კარგად იციან, რომ არაფერი დაიმალება და საზოგადოება არაფერს აპატიებს. ორწელიწადნახევარში ყველაზე დიდი ყველაზე მძიმე შეცდომა ხელისუფლებას ჰქონდა, რომ მეტი პრემია გამოიწერეს. თუმცა, კანონი კი არ დაურღვევიათ", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი ხელისუფლება ნანატრი იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ევროპისთვის და ამერიკისთვის.