ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. Golden Tulip Design Tbilisi-ში გამართულ საღამოზე სტუმრებს „პალიტრანიუსის“ მიერ, დაარსებიდან 7 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინეს, მათ შორის ტელეკომპანიის განვითარების მიზნით, არხზე განხორციელებული ახალი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„თავისუფალი მედიის არსებობა ბიზნესზე გადის. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ჩვენი მუშაობის ანგარიში ბიზნესისთვის ჩაგვებარებინა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პოზიციონირებისთვის, რა გზასაც „პალიტრანიუსი“ მიუყვება, ბიზნესის თანამონაწილეობა აუცილებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესთან ამ კუთხით აქტიურ თანამშრომლობას, მეორე მხრივ კი მათი თანამშრომლობის იმედი გვაქვს“, - აცხადებს ტელეკომპანია „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ დირექტორი ლევან ტაბატაძე.

ქართულ მედიაბაზარზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ უპირატესობებზე საუბრობს არხის წამყვანი ემა ტუხიაშვილი.

„ფაქტია, რომ ამ ძალიან კონკურენტულ მედიაგარემოში „პალიტრანიუსმა“ შეძლო და თავისი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ობიექტურმა და მიუკერძოებელმა ტელეკომპანიამ. უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ჩვენთან ადგილია ყველა პოზიციისთვის და მოსაზრებისთვის, სადაც სივრცე რჩება იმისთვის, რომ მაყურებელმა დასკვნები თავად გააკეთოს. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მაყურებელია, მათი ინფორმირებულობა და ინტერესის დაკმაყოფილება, რასაც ყველაზე კარგად თავად მაყურებელი გრძნობს და ერთგულებით გვიბრუნებს. სწორედ მათი გამოხმაურებები, კომენტარები სოციალურ ქსელებში, ქუჩაში უცნობი ადამიანების მიერ ნათქვამი, რომ „გიყურებენ და გენდობიან“, ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის. 7 წელი, ტელევიზიისთვის, რომელიც მედიაბაზარზე კონკურენციაში დიდ მოთამაშეებთან შედის, ბევრი ნამდვილად არ არის და დროის ამ მონაკვეთში ჩვენ შევძელით ანგარიშგასაწევი მედიაპლატფორმა გავმხდარიყავით. წინ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, რადგან მაყურებლის ნდობა, სიყვარულთან და ერთგულებასთან ერთად, მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. თუმცა, როცა შენი მთავარი იარაღი სიმართლეა, ჩვენ არაფრის გვეშინია, არაფრის“, - აღნიშნავს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „360 გრადუსისა“ და ეკონომიკური გადაცემა „საქმის“ წამყვანი ემა ტუხიაშვილი.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ მაუწყებლობა 2015 წლის 30 ნოემბერს დაიწყო. „პალიტრანიუსი“ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წევრი კომპანიაა.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის სექტემბრიდან „პალიტრანიუსში“ განახლდა ყველა სტუდია და მოხდა ტექნიკის ოპტიმიზაცია, საეთერო ბადეში არსებულ კონტენტს კი 15 ახალი შემეცნებითი, გასართობი და პოლიტიკური გადაცემა დაემატა, შესაბამისად, გახდა უფრო მრავალფეროვანი და დღეის მდგომარეობით, „პალიტრანიუსის“ პირდაპირი ეთერის რეჟიმში 12 გადაცემა მაუწყებლობს. გარდა ამისა, გაძლიერდა ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულება (გადაცემა „საქმე“ „ბიზნეს პალიტრა“ „ბიზნესპორტრეტი“ „დილის ეკონომიკის რუბრიკა“), გაიზარდა ამ მიმართულებით საეთერო დრო და სიხშირე, დაემატა ახალი პოლიტიკური გადაცემები, მათ შორის „თავისუფალი სტუდია“ და „პოლიტიკური სივრცე“, რომლებმაც მალევე შეძლეს სატელევიზიო სივრცეში თავის დამკვიდრება. ასევე, შეიცვალა საინფორმაციო გამოშვებების ფორმატი და გახდა მრავალფეროვანი (წამყვანიანი, ანონსური და კოლაჟური), გუნდი კი შეივსო გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით. გარდა ამისა, დაემატა განსხვავებული და ორიგინალური კოლაჟური ნიუსის ფორმა „60 წამი“.