"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ეკონომისტი ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ფინანსთა სამინისტროს შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ეკონომისტი, რაშმი შანკარი გამოეხმაურა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის წამყვანმა ეკონომისტმა, რაშმი შანკარმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი თაბუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ფისკალური დეფიციტის დაანგარიშებას ახორციელებს საქართველოს საბიუჯეტო (მე-18 მუხლი) და საგადასახადო კოდექსების (63 მუხლი, 8 პუნქტი) თანახმად, სადაც სათანადოდ არის გაწერილი ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცედურები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა გვაწვდის დეტალურ და გამჭირვალე ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებლობა გვეძლევა განვახორციელოთ შემდგომი ანალიზი. ბანკის შეფასებით, 2014 წლის ფისკალური დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.95 პროცენტს, რომელიც მათ შორის, მოიცავს გადასახადების დაბრუნების სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულ თანხებს, რაც ასევე შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან და ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას", - აცხადებს რაშმი შანკარი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების მდგომარეობა, რითიც ირკვევა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ ინფორმაციის დაფარვისას ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემების მანიპულირებას მიმართა.