როგორია რუსული „ლუკოილის“ ფინანსური მდგომარეობა საქართველოში

რუსული „ლუკოილი“, რომელსაც დასავლეთის სანქციების გამო, 5 დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტის შეწყვეტა მოუწევს, ქართულ ბაზარზე საკმაოდ სარფიანად არის წარმოდგენილი. „ლუკოილ ჯორჯია“ ქვეყნის მასშტაბით 57 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. ამასთან, კომპანიამ გასულ წელს 474 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგებამ კი 1,413 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისათვის, რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე გადაიტანს. Reuters-ის ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება ევროკავშირის ემბარგოს უკავშირდება, რომელიც 5 დეკემბრიდან ევროპელ მყიდველებს რუსული ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უკრძალავს. ემბარგო კასპიის მილსადენის კონსორციუმს არ შეეხება, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია.

იხილეთ ასევე: „ლუკოილს“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი აეკრძალა - ევროკავშირის ემბარგო

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია „ლუკოილ ჯორჯიას“ ფინანსური მდგომარება. აღსანიშნავია, რომ „ლუკოილ ჯორჯია“ შედის იმ 5 მსხვილ კომპანიაში, რომლებიც საქართველოს ნავთობის ბაზრის 58,8%-ს აკონტროლებს (წყარო - კონკურენციის ეროვნული სააგენტო).

IDFI-ის მიერ ორიდე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „ლუკოილ ჯორჯია“ საქართველოში 2002 წელს არის რეგისტრირებული. 2020 წლის დეკემბრიდან კომპანიის 100%-ის მფლობელია LITASCO SA, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს რუსული Lukoil Public Joint Stock Company. „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორია სერბეთის მოქალაქე მიხაილო იუროვიჩი (Mikhailo Jurovich).

აღსანიშნავია, რომ რუსული „ლუკოილი“ 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა, რაც ნავთობის პროექტების შეზღუდვას გულისხმობს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

საქართველოში „ლუკოილის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობის და ნავთობქიმიკატების საბითუმო და საცალო გაყიდვები ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობის სასაწყობე ბაზების ქსელის საშუალებით, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული. კომპანიის მონაცემებით, ის საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს 57 ბენზინგასამართ სადგურს, მათგან 21 მდებარეობს დედაქალაქ თბილისში.

IDFI-ს ანგარიშის მიხედვით, „ლუკოილ ჯორჯია“ წლებია, აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. „ტენდერების მონიტორის“ 8 აგვისტოს მონაცემებით, კომპანიას, 2010 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან ავტომობილის საწვავის მიწოდებაზე გაფორმებული აქვს 3 ათასამდე ხელშეკრულება, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარს აღწევს. ბოლო წლებში გაფორმებული ხელშეკრულებები, ძირითადად, მოიცავს პირდაპირ, გამარტივებულ შესყიდვებს“, - აღნიშნულია კვლევაში.

IDFI-ის ცნობით, „ლუკოილ ჯორჯიას“ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის საერთო მოგება სულ უფრო მცირდება. ფინანსური ანგარიშგების პორტალზე, სადაც საჯაროდ ქვეყნდება ქვეყანაში მოქმედი კომპანიების წლიური ანგარიშები, ხელმისაწვდომია „ლუკოილ ჯორჯიას“ წლიური ანგარიშები 2016-დან 2020 წლის ჩათვლით.

აღნიშნული წლიური ანგარიშების მიხედვით, „ლუკოილ ჯორჯიას“ წლიური მოგება 2016 წელს 11.7 მილიონი ლარი იყო, 2017 წელს - 4.6 მილიონი ლარი, 2018 წელს - 13.6 მილიონი ლარი, 2019 წელს - 3.2 მილიონი ლარი, 2020 წელს კი მხოლოდ 1.2 მილიონი ლარი, 2021 წელს კი კომპანიის მოგება 1,413 მლნ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა „ლუკოილ ჯორჯიას“ შემოსავლები. 2021 წელს კომპანიის ამონაგებმა შეადგინა 473,935 მლნ ლარი, 2020 წელს კი 239,321 მლნ ლარი. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გრძელვადიანი აქტივების ღირებულება შეადგენს 25 979 000 ლარს, ხოლო საკუთარი კაპიტალი - 9 733 000 ლარია.

ამასთან, IDFI-ის ინფორმაციით, „ლუკოილ ჯორჯიასთან“ დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი. „ქართული მედიის 2017 წლის ინფორმაციით, სწორედ ის იკავებდა ლუკოილის დირექტორის მოადგილის პოზიციას. მოგვიანებით, „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიებამ დასვა კითხვები „ლუკოილისა“ და უშუალოდ ფარცხალაძის ჩართულობაში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში არსებული სავარაუდო მონოპოლიური/კორუფციული სქემების შესახებ“, - წერს IDFI თავის კვლევაში.