ტალინში უცხოელი დიპლომატები უფასო პარკირებით ვეღარ ისარგებლებენ

ტალინი უცხოელ დიპლომატებს უფასო პარკირების უფლებას ჩამოართმევს, თუმცა ელჩები და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები შეღავათით ისევ ისარგებლებენ. ინფორმაციას ადგილბრივი სააგენტო ERR ავრცელებს.

საკრებულოს დადგენილების პროექტით, უფასო პარკირებით ისარგებლებენ დიპლომატიური წარმომადგენლობების მანქანები CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრით, რომლებიც ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებზე არის გაცემული. ამჟამად ტალინში 33 ასეთი ავტომანქანაა. CD და AT სერიის სარეგისტრაციო ნომრების მქონე მანქანებს, რომლებიც ყველა სხვა დიპლომატზე გაიცემა, ტალინში უფასო პარკირების უფლება ჩამოერთმევათ. ესტონეთის დედაქალაქში 200-ზე მეტი ასეთი მანქანაა.

რეზოლუციის პროექტს ტალინის საკრებულო პირველი მოსმენით დღეს განიხილავს, ხოლო ახალი წესის ამოქმედებას 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ვარაუდობს. მანამდე ქალაქის ხელისუფლება შეეცდება, დიპლომატების მანქანების გასაჩერებლად საელჩოებთან ორ-ორი საპარკინგე ადგილი მოაწყოს.

მერის მოადგილის, ტანელ კიიკის თქმით, ცვლილება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან განიხილეს. ახალი წესი ცენტრსა და ძველ ქალაქში მანქანების რაოდენობის შემცირებასა და პარკირების გამარტივებას ისახავს მიზნად. ტანელ კიიკი, ასევე, ამბობს, რომ „უფასო პარკირებით დიპლომატების მანქანების ასეთი ფართო უზრუნველყოფა მსოფლიო პრაქტიკაში გამონაკლისია.“

ოქტომბრის დასაწყისში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ტალინის მერიას მოუწოდა, რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატებისთვის უფასო პარკირების უფლება ჩამოერთმია. თუმცა ქალაქის ხელისუფლება ამ წინადადებას სკეპტიკურად უყურებდა და აცხადებდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებისთვის არათანაბარი წესების შემოღება საერთაშორისო პრაქტიკაში ცუდ ფორმად ითვლება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ