შვეიცარიის მთავრობამ უკრაინის ომის დაწყებიდან მთლიანობაში 8 მლრდ დოლარის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიის მთავრობას, მიმდინარე წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, საერთო ჯამში 7,5 მლრდ ფრანკის, დაახლოებით, 7,94 მლრდ დოლარის რუსული აქტივები აქვს გაყინული. რუსული „კომერსანტი“ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ავრცელებს, რომელშიც დაზუსტებულია, რომ მოცემულ თანხაში სანქცირებული იურიდიული და ფიზიკური პირების გაყინული უძრავი ქონების 15 ობიექტის ღირებულება არ შედის.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაყინული თანხის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, თუკი სანქციების ობიექტები ახალი პირები გახდებიან ან ახალი აქტივები გამოვლინდება, ხოლო პრევენციული მიზნებისთვის საჭირო შემოწმების შემდეგ, პირიქით, გაყინული აქტივები თავისუფლდება.“

მასალაში, ასევე, მოცემულია მონაცემები რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული დეპოზიტების ოდენობის შესახებ. შვეიცარიის მთავრობას დეკლარაცია 123-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა და ორგანიზაციამ წარუდგინა, რომელთა დეპოზიტების ჯამმა 46,1 მლრდ ფრანკზე მეტი, დაახლოებით, 48,8 მლრდ დოლარი შეადგინა.

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას უკრაინაში რუსული ჯარების შესვლისთანავე დაუჭირა მხარი და პარალელური შეზღუდვები შემოიღო. გასულ კვირას შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე სრული ემბარგო დააწესა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ