მე თუ მკითხავთ, მომხრე ვარ, რომ პარკირების ნაწილი გავიდეს აუთსორსზე და კერძო სექტორმა მართოს - ვიქტორ წილოსანი

„მე თუ მკითხავთ, მომხრე ვარ, რომ პარკირების ნაწილი გავიდეს აუთსორსზე და კერძო სექტორმა მართოს,“ - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ჩვენი მიზანია მობილობა დავაჩქაროთ და მობილობის დროს მაქსიმალურად თანაბარი საშუალება მივცეთ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს. რაც შეეხება პარკირების ნაწილს, პარკირება არის ავტომობილებისა და მობილობის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს იმდენი საპარკინგე ადგილი და იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, რამდენის გამტარუნარიანობაც გააჩნია იმ კონკრეტულ კვანძს. შესაბამისად, რაღაც ადგილზე შეიძლება მოხდეს მუნიციპალური პარკირების გაუქმება, მაგრამ შეიძლება კერძო სექტორი შევიდეს იქ და ფასიანი პარკირება გაკეთდეს.

მე პირადად თუ მკითხავთ, მომხრე ვარ, რომ პარკირების ნაწილი გავიდეს აუთსორსზე. მეტიც, ზოგადად მომხრე ვარ, რომ როგორც მიკროავტობუსებია, ისე იყოს ავტობუსებიც აუთსორსზე და კერძო სექტორმა მართოს. შიგნით, გუნდში მიდის მოლაპარაკებები, რომ ჩვენ გავიტანოთ პარკირების ნაწილი გარეთ (მოხდეს განკერძოება). უბრალოდ სწორი ფორმა არის მოსაძებნი, რადგან „სითი პარკის“ დროს, კომპანიის მიზანი იყო ჯარიმებით მიეღო შემოსავალი. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი მოდელია. ახლა სწორედ ამ მოდელს ვამუშავებთ, რომ ჯარიმა არ იყოს კომპანიის მამოტივირებელი. ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი სხვა ბიზნეს მოდელზე იყოს აგებული და არა იმაზე, რომ ვიღაცა დააჯარიმოს.

ახლა პროექტის დამუშავების ეტაპზე ვართ, ამის შემდეგ ხდება ეკონომიკური დასაბუთება და შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როდის გამოვა გასაყიდად თბილისის პარკინგი,“- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

თაია არდოტელი