ნოემბერში ინვესტორებმა კრიპტო ფონდებიდან თითქმის 20 მილიარდი დოლარი გაიტანეს

მსოფლიოს მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის გაკოტრებამ კრიპტოსამყარო ქაოსში მოაქცია და ინვესტორებმა პანიკურად დაიწყეს თანხების გატანა.

კვლევითი კომპანია CryptoCompare-ის თანახმად, მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის ნოემბერში ინვესტორებმა იმგვარი პლატფორმებიდან, როგორებიცაა Grayscale Investments, CoinShares International Ltd. და სხვა, 19.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გაიტანეს. ეს კი კრიპტო ფონდების აქტივების 14.5%-ია.

„ამის ერთ-ერთი მიზეზი Digital Currency Group-ისა და Genesis Trading-ის - Grayscale-ის მშობელი და მონათესავე კომპანიების - შესაძლო ზეგავლენა იყო FTX-სა და მთლიან ბაზარზე“, - წერია CryptoCompare-ის ანგარიშში.

ცნობისთვის, FTX დაახლოებით 2 კვირის წინ გაკოტრდა, რასაც წინ უძღოდა მისი შვილობილი კომპანიის, Alameda Research-ის შესახებ Coindesk-ის სკეპტიკური ანგარიში. გამჟღავნდა, რომ Alameda-ს 5.8 მილიონი დოლარის აქტივები მიბმული იყო FTX-ის ტოკენზე, FTT-ზე, რის შემდეგაც ინვესტორებმა სასწრაფოდ თანხის გატანა დაიწყეს. მოგვიანებით, ბენქმენ-ფრიდმა VOX-ის რეპორტიორთან დაადასტურა, რომ ვაჭრობისთვის პლატფორმის მომხმარებლების აქტივები იყო გამოყენებული.

თავდაპირველად, FTX-ის შეძენას Binance აპირებდა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და უმსხვილესი კრიპტობირჟის მფლობელებმა სემ ბენქმენ-ფრიდის FTX-ის შეძენა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლების მიერ გამოძიების დაწყების გამო გადაიფიქრეს. გაკოტრების შემდეგ FTX-ის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა.

ეს ამბები ნეგატიურად აისახა კრიპტოვალუტების ფასებზე და მათი საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად დაეცა. ბენქმენ-ფრიდის ქონება კი $17 მილიარდიდან $1 მილიარდამდე რამდენიმე დღეში შემცირდა. Forbes-ის თანახმად, მისი აქტივები ახლა შესაძლოა, ნულთან ახლოსაც კი იყოს.

კახი ჩაკვეტაძე