იტალიის მთავრობა „ლუკოილის“ ქარხნის ნაციონალიზაციას მოახდენს

კუნძულ სიცილიაზე რუსული „ლუკოილის“ კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ISAB სახელმწიფოს დროებით სპეციალურ ადმინისტრაციას გადაეცემა. ამის შესახებ იტალიის მინისტრთა საბჭოს განკარგულებაში არის ნათქვამი, რომელიც სტრატეგიული საწარმოების დასაცავად ზომების მიღებას შეეხება. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი La Repubblica ავრცელებს, რასაც სააგენტო France-Presse-ის (AFP) წყაროც ადასტურებს.

„ლუკოილის“ ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ სიცილიაში, იტალიის კომუნა პრიოლოში მდებარეობს, რომელიც ნავთობის გადამუშავების სიმძლავრით ევროპაში მესამე საწარმოა. ქარხანა იტალიაში მოხმარებული საწვავის, დაახლოებით, 22%-ს აწარმოებს.

ნოემბერში „ლუკოილმა“ ამერიკული კომპანია Crossbridge-ისთვის ქარხნის მიყიდვაზე უარი განაცხადა, თუმცა მიმდინარე კვირას ამაზე მოლაპარაკებები განაახლა. მედიის ცნობით, ნაციონალიზაციის შემთხვევაში გადამამუშავებელი ქარხანა იტალიის ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ