bp - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ bp-აზერბაიჯანის განცხადებაში არის ნქთქვამი, რომლითაც კომპანია მილსადენით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანსპორტირების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო Trend ავრცელებს.

კერძოდ, bp-აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკიდან ნავთობის, ასევე, შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატისა და კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის შეთანხმებული მოცულობის ტრანსპორტირება გაგრძელდება.

მიმდინარე კვირას სააგენტო Reuters-მა ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე გადაიტანს. სააგენტოს ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება ევროკავშირის ემბარგოს უკავშირდება, რომელიც 5 დეკემბრიდან ევროპელ მყიდველებს რუსული ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უკრძალავს. ემბარგო კასპიის მილსადენის კონსორციუმს არ შეეხება, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია. წყარო, რომელიც საკითხის სენსიტიურობის გამო ანონიმურობის პირობით საუბრობს, სააგენტოს უდასტურებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის აქციონერების მხრიდან მომდინარეობს.

მილსადენის პროექტის აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGC (2.36%).

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 24.4 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,2%-ით მეტია. იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან (31,003 მილიონი ტონიდან) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნედლეულის 78,8% გადაიქაჩა. შედარებისთვის: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობა 29,090 მლნ ტონას შეადგენდა, რომლის 74,9%, ანუ 21,777 მლნ ტონა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიქაჩა.

ამასთან, მილსადენით ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ იანვარ-ოქტომბერში 4.1 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 2,815 მლნ ტონა გადაიქაჩა, რაც 46,8%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

„ლუკოილი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის საკუთარი საბადოებიდან, „იური კორჩაგინიდან“ და „ფილანოვსკიდან“ ახორციელებდა. ექსპორტირებული მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონ ტონას შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ