„კოლხიდა“ იგივე „ცირკის ცხენი“, "შინმოუსვლელი" და „სპორტქარი“- როგორ იქმნებოდა "ქართული ავტოწარმოების“ ისტორია
"ქართული ავტოწარმოება" - ეს ფრაზა დღეს შეიძლება ზედმეტად ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ პირველი ქართული ავტომობილი ქუთაისის ავტოქარხნის კონვეიერიდან 1951 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა. თავის არსებობის განმავლობაში ქარხანამ 8 სახეობის სატვირთო გამოუშვა. სწორედ ქუთაისში, ქართველი კონსტრუქტორების მიერ, საბჭოეთში პირველად შეიქმნა უკაპოტო, კაბინიანი ავტომობილი (მძღოლის საძინებლით).
გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა წელიწადში 20 000 ავტომობილს უშვებდა, სადაც დასაქმებული იყო 16 000 კაცი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარხნის მესვეურებმა ინვესტორების მოზიდვა სცადეს, იყო მოლაპარაკება გერმანელებთან, ინდოელებთან, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
პირველი ქართული სატვირთო მანქანა ხუმრობის თემადაც იქცა. როგორც ამბობენ, მანქანა თავის დანიშნულებას მაინც ასრულებდა. ქართულად მას "შინმოუსვლელი" უწოდეს, ალბათ, იმის გამო, რომ მასში მჯდომ ადამიანს შინ უსაფრთხოდ დაბრუნების გარანტია არ ჰქონდა. გარანტიის არარსებობას ხელი არ შეუშლია ავტომობილების მწარმოებლებისთვის, 8 მოდელის ავტომობილი და მისაბმელის სამი მოდელი გამოეშვათ. პირველი ქართული ავტომობილის მოდელად მოსკოვის სტალინის სახელობის ქარხნის მიერ გამოშვებული (ЗИС-ის) სატვირთო გამოიყენეს და პირველი ქართული КАЗ-150-ის შექმნამაც არ დააყოვნა. ქართული ავტოწარმოება აქ არ შეჩერებულა და მას მოჰყვა КАЗ 585 Б, ცემენტმზიდი КАЗ-601; თვითმცლელი КАЗ 600. როგორც ამბობენ, არც ერთი მათგანი მოსკოვური პროტოტიპის ასლი არ ყოფილა. იყო მათში რაღაც ქართულიც. დროთა განმავლობაში კი ეს მანქანები იხვეწებოდა.
КАЗ-608В (შინმოუსვლელი) - სწორედ ესაა ყველასათვის ცნობილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქართული ავტო უსაფრთხო არ იყო, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ეს მოდელი კანადაშიც კი იყიდებოდა. მოკლე პერიოდში მანქანამ შეძლო უდიდესი კონკურენცია გაეწია მანამდე ყველასათვის კარგად ცნობილი და გამოცდილი Газ-66-სთვის. КАЗ-ის ერთ-ერთი უდედისი პლუსი იყო 155-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა (გაზ-66 ბენზინის ძრავით იწარმოებოდა), ასევე სამ მხარეს მოძრავი საბარგული, რაც მოსახერხებელი გახლდათ ტვირთის ჩამოცლის დროს. აღსანიშნავია დიფერენციალის ბლოკირებებიც, რაც 80-იანი წლებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო.
ფაქტობრივად, ახალი წარმოების დასაწყისად იქცა КАЗ-605-იც, რომელიც "კოლხიდას" სახელწოდებით არის ცნობილი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოწონებული, 1958 წელს გამოშვებული ეს 5-ტონიანი სატვირთო მანქანა მაშინვე პოპულარული გახდა, თუმცა, თავისი დაბალი ტექნიკური მახასიათებლების, კონკრეტულად კი სიჩქარის გამო, "მადლიერმა" მძღოლებმა "ცირკის ცხენი" შეარქვეს. ქუთაისური წარმოების ყველაზე საინტერესო ავტო 70-იანი წლების ბოლოს აეწყო, რომელსაც КАЗ-4540 ეწოდა. ის იყო პირველი, სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანების კატეგორიიდან, მაგრამ მხოლოდ 1984 წლიდან მოიპოვა სერიული წარმოების უფლება.
ისტორიული წყაროების მიხედვით, სულ ბოლოს ქუთაისის ქარხანამ 5 ათასი ГКБ-8535-01 გამოუშვა, საიდანაც რუსეთმა მხოლოდ 40 ერთეული შეიძინა. აი, აქ მთავრდება მსხვილი ავტოპროდუქციის წარმოების ისტორია ქუთაისის ავტოქარხანაში. თუმცა, ეს მაინც არ ყოფილა დასასრული. ქუთაისელმა ავტომწარმოებლებმა ინდური კომპანიის დაკვეთით, მათივე შექმნილი ნაწილებით, ინდური ჯიპის "მაჰინდრას" აწყობა დაიწყეს. ეს იყო არცთუ შორეული 2002 წელი. ამ ექსპერიმენტმაც ვერ გაამართლა და მალევე დასრულდა.
ქუთაისი რომ ქართული ავტოწარმოების ”მექაა”, ეს 2002 წლის შემდეგაც გამოჩნდა. უახლოეს წარსულში ქუთაისელმა მამა-შვილმა, მამუკა და გიორგი ქვარიანებმა და მათმა მეგობრებმა, საკუთარი ხელით შექმნილი სპორტული ავტომობილის პრეზენტაცია გამართეს. მანქანა ერთი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას და ქართულ რეალობაში ნამდვილად ახალი სიტყვაა.
გიორგი ქვარიანის თქმით, ავტომობილის შექმნის იდეა ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში გაუჩნდა. „რაც კალმის დაჭერა ვისწავლე, სულ მანქანებს ვხატავდი. ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით და 2006 წელს გადმოვედით ქუთაისში საცხოვრებლად. მოსკოვში მრბოლელი ვიყავი და შესაძლოა, კარიერაც ამეწყო, მაგრამ საქართველოში აღარ იყო ამის საშუალება, ამიტომ მთლიანად მანქანის აწყობის იდეაზე გადავერთე. თანაც ისე მოხდა, რომ სწორ ადგილას მოვხვდი, სწორ დროს, იმ ხალხის წრეში, ვინც ჩემი იდეა გაიზიარა და გადავწყვიტეთ, ამ საქმეს შევჭიდებოდით. ასე დაიბადა პირველი ქართული სპორტული მანქანა, ე.წ. სპორტქარი. თავდაპირველად ძალიან გვეიოლებოდა გაკეთება, მაგრამ ეს გადაიქცა ურთულეს პროცესად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გვინდოდა, ყველაფერი ჩვენი დამზადებული ყოფილიყო, გარდა იმ ტექნიკური ნაწილებისა, რომელის ფიზიკურად შექმნა შეუძლებელი იყო (ძრავი, გადაცემათა კოლოფი და სხვ.) მაგ. ძრავი, "ბმვ"-ის გამოვიყენეთ“- ამბობს პროექტის ავტორი. მისივე ინფორმაციით, მანქანის შექმნა დაახლოებით 100 000 დოლარი დაჯდა და მას 4 წელი ხელით „აკოწიწებდნენ“.
თუმცა ამით არაფერი დასრულებულა... წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, რამდენჯერმე იყო მცდელობა, საქართველოში უცხოური ავტომწარმოებლების შემოყვანის, რომლებიც ადგილზე დაარსებდნენ თავიანთ წარმომადგენლობებს და საქართველოში ცნობილი ბრენდის ავტოებს ააწყობდნენ. უფრო კონკრეტულად, მოლაპარაკებები მიმდინარეობა ერთ-ერთ ჩინურ ავტომწარმოებელთან, თუმცა ეს მცდელობა მაშინ უშედეგოდ დასრულდა. უცხოელი ავტომწარმოებლების საქართველოში შემოსვლაზე რამდენიმე თვის წინ, ამჟამინდელ ხელსუფლებაშიც ალაპარაკდნენ. ჯერჯერობით უცნობია, კომპანია იქნება ევროპული, აზიური, თუ ამერიკული, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ცნობილი ბრენდის ავტომობილები აეწყობა.
მარი მელიქიშვილი