მოლდოველი მეღვინე-მევენახეები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას მოლდოველი მეღვინე-მევენახეები ესტუმრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის წევრებმა ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

„აღფრთოვანებულები ვართ ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზის ხილვით და ჯიშების მრავალფეროვნებით. ამპოლოგრაფიული კოლექცია ძალიან საინტერესო და უნიკალურია. თქვენ დიდი პოტენციალი გაქვთ ღვინის საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა ვაზისა და ღვინის ეროვნული ოფისის დირექტორმა, ელიზავეტა ბრეანამ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.