Marks&Spencer-ი, „H&M“-ი, NEXT-ი საქართველოში შეიკერება - რუსთავში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

რუსთავში საწარმო "დარმატექსი" გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სამოსს შეკერავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ელიზბარ ლომინაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ადგილობრივი ინვესტიციით შექმნილი სამკერვალო ითანამშრომლებს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marks&Spencer, „H&M“, NEXT, S’OLIver და "მონკლერი".

მისი თქმით, წარმოების 90% ექსპორტზეა გათვლილი. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საწარმო სრულად ადგილობრივი ინვესტიციით გაიხსნა, დასაქმებულთა რაოდენობა კი, პირველ ეტაპზე, 100-მდე იქნება.

"ეს არის 100%-ით ადგილობრივი ინვესტიცია, დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარზეა საუბარი. პირველ ეტაპზე, 100 ადამიანი დასაქმდება (ახლაც მიმდინარეობს კადრების აყვანა) სამომავლოდ კი, მათი რაოდენობა 200-300-მდე გაიზრდება.

წარმოება 90%-ით ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, ძირითადად, იტალიურ და გერმანულ ბრენდებთან ვითანამშრომლებთ. შემიძლია ახლაც გითხრათ რამდენიმე, ესენია: NEXT-ი, Marks&Spencer-ი, „H&M“-ი, S’OLIver-ი, “მონკლერი”.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მცირე შეკვეთები დამზადდება, ეს იქნება ქართული ბრენდები და სახელმწიფო ტენდერები.

ძირითადად შეიკერება უნიფორმები და ქალის ტანსაცმელი. ახლა უკვე დაწყებულია შეკვეთებზე მუშაობა",- აცხადებს ელიზბარ ლომინაძე.

ნინი ქეთელაური