კოლომოისკი მილიარდერების სიიდან ამოვარდა

უკრაინელმა ბიზნესმენმა, იგორ კოლომოისკიმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან 1,08 მლრდ დოლარის ქონება დაკარგა და მილიარდერთა სიიდან ამოვარდა. ინფორმაციას Forbes-უკრაინა ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ნოემბრის მდგომარეობით, კოლომოისკის 0,85 მლრდ დოლარის ქონება დარჩა. მან ყველაზე დიდი ზარალი ნავთობის ბიზნესში განიცადა, რომელშიც 920 მლნ დოლარის ქონებიდან 180 მლნ დოლარი დარჩა.

Forbes-უკრაინის მონაცემებით, კოლომოისკიმ სხვა ინდუსტრიებშიც მინუსებში გადაინაცვლა.

კერძოდ, ბიზნესმენს შეუმცირდა:

  • მეტალურგიული აქტივები - 90 მლნ დოლარით
  • მედია აქტივები - 70 მლნ დოლარით
  • საოლქო ენერგოკომპანიების აქტივები - 40 მლნ დოლარით
  • ქიმიური აქტივები - 20 მლნ დოლარით
  • აქტივები პორტებში - 20 მლნ დოლარით

უკრაინული Forbes-ის თანახმად, კოლომოისკის არ წაუგია უცხოურ აქტივებში, ნაღდ ფულში, იახტებსა და თვითმფრინავებში.

იგორ კოლომოისკი 10 უმდიდრეს უკრაინელთა შორის სახელდებოდა. 2020 წელს ჟურნალმა, Forbes-უკრაინამ მისი ქონება მილიარდ დოლარად შეაფასა, რითიც უმდიდრესი ადამიანების სიაში მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო უკრაინულ ჟურნალ HB-ის შეფასებით, ბიზნესმენს 1,18 მლრდ დოლარით მეექვსე ადგილი ეკავა. მიმდინარე წლის 14 მარტს ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების გლობალური რეიტინგი განაახლა, რომელთა შორის შვიდი უკრაინელი მოხვდა. ერთ-ერთი არის იგორ კოლომოისკი, რომლის ქონებაც ამ თარიღისთვის ჟურნალმა 1,1 მლრდ დოლარად შეაფასა.

აპრილში Forbes წერდა, რომ კოლომოისკი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 800 მლნ დოლარით გაღარიბდა, თუმცა, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავდნენ, „24 თებერვლიდან ბიზნესმენი საგრძნობლად მშვიდად გრძნობს თავს.“ შემოდგომაზე მედია წერდა, რომ კოლომოისკი უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში დაკითხვაზე არაერთხელ იმყოფებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ