„ახალი წლის პერიოდი თითქმის მთლიანად გაყიდულია“ - როგორ ხვდება სასტუმრო სექტორი ზამთრის სეზონს

პანდემიის ლოქდაუნების შემდეგ, 2022 წელი პირველია, როცა სასტუმროები სტუმრების მიღებას კოვიდ რეგულაციების გარეშე შეძლებენ.

„ინნ გრუპ-ის" ხელმძღვანელი, ერეკლე კოკაია, „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ახალი წლის პერიოდისთვის, ჯავშნები თითქმის შევსებულია ზამთრის ორივე სასტუმროში.

„მოლოდინი ძალიან კარგია, რადგან ჯავშნები უკვე მიღებული გვაქვს. ახალი წლის პერიოდი თითქმის მთლიანად გაყიდულია. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ მთელი სეზონი მაღალი დატვირთულობა იქნება.

გუდაური, რომელიც უცხოელი ტურისტების რაოდენობით გამოირჩევა შედარებით ადრე იჯავშნება, ბაკურიანში კი, სადაც დამსვენებლების უმრავლესობა ქართველია, თარიღების მოახლოებასთან ერთად იზრდება ჯავშნები. სტუმრებს ველოდებით როგორც ტრადიციული ბაზრებიდან და ახლო სამეზობლოდან, ასევე დიდი რაოდენობაა ისრაელიდან. ასევე ევროპის ქვეყნებიდან", - განაცხადა კოკაიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან".

მისივე თქმით, ამ დროისთვის პრობლემად რჩება კადრებიც დეფიციტი.

„ჩვენს შემთხვევაში, შარშან ბევრად მწვავედ იდგა ეს პრობლემა. დეფიციტი გვაქვს წელსაც, მაგრამ არა იმ მასშტაბით. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე სეზონის დაწყებისთვის შევძლებთ კადრების სრულად მობილიზებას. მიჭირს საუბარი, ზუსტად რამდენია ახლა დეფიციტი ჩვენს სასტუმროებში, თუმცა 5%-ს არ აღემატება", - ამბობს კოკაია.

ცნობისთვის, Inn Group-ის სასტუმროებიდან 2 სამთო კურორტებზეა. ჯგუფს აქვს „გუდაური ინნ“-ი და „ბაკურიანი ინნ“-ი.

თამარ მუკბანიანი