ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„წელს თხილის მოსავალიც მცირე იყო და ხარისხიც დაბალი, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, კლიმატური პირობები. უხვმა ნალექმა ხელი შეგვიშალა, რომ შესაბამისი ღონისძიებები სრულფასოვნად ჩატარებულიყო. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენი ფერმერის შემოსავალზე აისახა. თხილის სექტორში 10 000 ოჯახი არის დასაქმებული და ბევრი მათგანისთვის ეს არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. ამავდროულად, ქართული თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია; სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობამ თქვენთან, ასოციაციასთან, პარლამენტის კომიტეტთან, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო ამ დარგის მხარდაჭერის კუთხით - შესაბამისად, შეიქმნა და ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ითვალისწინებს სუბსიდიის სახით ფინანსური დახმარების გაცემას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც 0,2 ჰა-დან 3-ჰას ჩათვლით თხილის ბაღი აქვთ.

„სუბსიდიის მოცულობა განსაზღვრულია 500 ლარით, ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით. დახმარება გაიცემა აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით, რომლებსაც ფერმერები სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო პროდუქციის შესაძენად გამოიყენებენ. მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. პროგრამაში მონაწილეობას დაახლოებით 100,000 ფერმერი მიიღებს. პროგრამის განხორციელების შედეგად 40,000 ჰა-ზე ხარისხიანი თხილის წარმოებისათვის მოვლა-მოყვანის საშუალებები დაფინანსდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.