აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეამცირებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეზღუდავს.

„მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა და მისი ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მცირდება, ფასების ზედა ზღვარი დაუყოვნებლივ შეამცირებს პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“, - აღნიშნულია ჯანეტ იელენის განცხადებაში.

მისი თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, რომლებიც ძლიერ დაზარალდნენ ენერგორესურსებსა და საკვებზე გაზრდილი ფასებით, განსაკუთრებით ისარგებლებენ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებით.

შეგახსენებთ, გუშინ, დასავლელი პარტნიორები რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა და ავსტრალიამ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ძალაში 5 დეკემბერს, „ან მას შემდეგ ძალიან მალე" შევა.