სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი სამუშაო ვიზიტით ანკარაში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიკა ჭუმბურიძე თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს (TITCK) ხელმძღვანელს ასიმ ჰოჯაოღლუს შეხვდა.

მათივე ცნობით, მხარეებმა სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების სტანდარტები განიხილეს და სამედიცინო ნაწარმის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში სამედიცინო კლინიკებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. როგორც ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, თურქეთში ფარმაცევტულ, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და წარმატებული მარეგულირებელი მექანიზმებია დანერგილი და ამ მიმართულებით მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამედიცინო მოწყობილობების შესახებ კანონის დახვეწა წარმოადგენს.

შეხვედრაზე მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასწარმოქმნასა და მასთან დაკავშირებულ რეგულირების მექანიზმებზეც იმსჯელეს. სააგენტოს დირექტორმა თურქულ მხარეს, ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმა გააცნო. ლიკა ჭუმბურიძის თქმით, ცვლილება საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაუმჯობესებს. ლიკა ჭუმბურიძესთან ერთად თურქეთში, სამუშაო ვიზიტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე, ამავე დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარინე ლაცაბიძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს უფროსი გოჩა ალადაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (PIU) ჯანდაცვის მრჩეველი ლია თავაძე და ჯანდაცვის სპეციალისტი ლელა სულაბერიძე იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.